„ბავშვის კოდექსი უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა და მასზე მთელი საზოგადოება უნდა შეჯერდეს“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ბავშვთა კოდექსზე მუშაობს. კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული პროექტი სახელმწიფო უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეგზავნა, რომელთაგან მიღებული მოსაზრებები და შენიშვნები დღეს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია კოდექსი ფართო წარმომადგენლობით შემუშავებული იყოს.
„საქმე ეხება ჩვენი საზოგადოების მომავლის – ბავშვების დაცვას. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პროექტი, ეს უნდა გახდეს მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა და მასზე უნდა შეჯერდეს მთელი საზოგადოება”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ჯგუფმა დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის სამუშაო ვერსიის კონცეპტუალური საკითხები შემდეგი თემების მიხედვით განიხილა: ბავშვის უფლებები, რომელიც მოიცავს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობისათვის საჭირო გარანტიების შექმნას, ისევე, როგორც ბავშვთა უფლებების დაცვის სხვა მექანიზმებს; ბავშვის დაცვა, რაშიც გაერთიანებულია ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, მავნე ზეგავლენისაგან დაცვა საჯარო, მედია, ინტერნეტ და სხვა სივრცეში; ბავშვის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობას.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა თითოეული მიმართულებით წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები შეაჯამეს.
„ბავშვის კოდექსით ჩვენ მათი უფლებები უნდა განვამტკიცოთ ეროვნული ინტერესებიდან და, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე. ეს კოდექსი მოემსახურება იმას, რომ თითოეული ბავშვი იყოს დაცული, მხარდაჭერილი და მოგვარდეს ის უამრავი გამოწვევა, რაც ბავშვთა დაცვის კუთხით გვაქვს. ეს შექმნის საკანონმდებლო საფუძველს იმისათვის, რომ შემდეგ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სხვადასხვა პროგრამა კოდექსში მოცემული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშაოს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს გარკვეული გამოწვევების მქონე ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, მოხალისეობის განვითარებას, სოლიდარული საზოგადოების შექმნას, ბავშვთა დაცვას ძალადობისგან, ბავშვთა დაცვას მედიასა და საჯარო სივრცეში, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადობისა და უხამსობის გამოვლინებებისგან ბავშვები მაქსიმალურად იყონ დაცული”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
კომიტეტი ბავშვთა კოდექსთან დაკავშირებით კიდევ არაერთ სამუშაო შეხვედრას გეგმავს, რომელზეც თითოეული საკითხი უფრო დეტალურად იქნება განხილული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები