სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯაე-ინი, 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციას ეწვევა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ კომუნიკაციას და თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებას ხელს შეუწყობს“, -აღნიშნულია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის დენუკლერიზაციის პროცესსა და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების საკითხებს განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში ბოლო 19 წლის მანძილზე არ განხორციელებულა.