მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო

“ამა წლის 23 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო”, – შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციაში შედიოდნენ: ტიმიშოარას მთავარეპისკოპოსი და ბანატის მიტროპოლიტი იოანე, წმინდა სინოდის მდივანი, პლოეშის ქორეპისკოპოსი ვარლაამი და მთავარდიაკონი ნიკოლაე.

“შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა პირები.

დელეგატებმა სამძიმარი გამოუცხადეს მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისთვის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხის საოცრად დიდ სიმრავლეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას დაესწრო.

კიდევ ერთხელ აღინიშნა წმინდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი, რომელიც კიდევ უფრო მეტად აერთიანებს ჩვენს ეკლესიებს.

შეხვედრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები