დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სენტოსას კუნძულზე გაიმართება
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შორის, სინგაპურის კუთვნილ კუნძულ სენტოსაზე ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა გააკეთა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია გადასული.
თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, სინგაპურის კუთვნილ კუნძულ სენტოსაზე მდებარე „კაპელას“ სასტუმროში ჩატარდება. „ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს სინგაპურელ მასპინძლებს მათი გამორჩეული სტუმართმოყვარეობისთვის“, – აღნიშნულია სარა სანდერსის ტვიტერით გამოქვეყნებულ პოსტში.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისიდან 14 ივნისამდე, კუნძულზე სპეციალური ზონა შეიქმნება, სადაც განთავსებულია რამდენიმე სასტუმრო, ბიზნეს ცენტრი და შეხვედრისთვის სხვა საჭირო დაწესებულებები.