ბენიამინ ნათენიაჰუ – ეს შეთანხმება ახლო აღმოსავლეთს ირანის აგრესიისგან ვერ დაიცავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნათანიაჰუმ, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოუწოდა, მეტი ყურადღებით მოეკიდოს ირანის მზარდ გავლენასა და აგრესიას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„თუ დადებული გაქვს არასწორი შეთანხმება, ის უნდა გაუქმდეს, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ხედავ, ირანი ყოველ ჯერზე გარშემო თითო სახელმწიფოს როგორ იპყრობს. ეს შეთანხმება ახლო აღმოსავლეთს ირანის აგრესიისგან ვერ დაიცავს“, – აღნიშნა ბენიამინ ნათანიაჰუმ.
მისივე თქმით, მას აღარ ესაჭიროება მაკრონის დარწმუნება იმაში, რომ ბირთვული შეთანხმება ირანთან გააუქმოს, რადგან შეთანხმება ისედაც ვერ იარსებებს აშშ-ის ეკონომიკური სანქციების ფონზე.
ეს მოწოდებები ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ევროპული ტურნე დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ისრაელის პირველმა პირმა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია მოინახულა. შეხვედრების დროს, ბენიამინ ნათანიაჰუ ევროპელ ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანის მიმართ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შესახებ ესაუბრა და ტრამპის გადაწყვეტილების მხარდაჭრისკენ მოუწოდა.