მექსიკაში 43 გაუჩინარებული სტუდენტის საქმის გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი ჩაატარებს
მექსიკის ეროვნულმა ტრიბუნალმა, სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, განცხადება გააკეთა, რომელიც ქვეყანაში გაუჩნარებული 43 სტუდენტის საქმეს ხელახლა გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„გამოძიება სწრაფად არ ჩატარებულა, შედეგებმა კი შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილთა ოჯახებს და მთავრობის მხრიდან საქმით დაინტერესება გამოკვეთა“, – აღნიშნულია მექსიკის ტრიბუნალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრიბუნალი ეჭვობს, რომ საქმესთან დაკავებული პირების აღიარებითი ჩვენებები პოლიციამ ზეწოლის შედეგად მიიღო. მათი აზრით, რეალური დამნაშავეები კვლავ დაუსჯელები არიან.
შეგახსენებთ, რომ 43 გაუჩინარებული სტუდენტის საქმე, მექსიკის მთავრობისა და პრეზიდენტის, ენრიკე პენია ნიეტოს მმართველობის შავ ლაქად აღიქმება. არსებობს ინფორმაცია, რომ პედაგოგიური კოლეჯის 43 სტუდენტი კამპუსიდან მოტყუებით გაიყვანეს და ნარკოკარტელის წარმომადგენლებს გადასცეს, რომლებმაც ისინი ჯგუფურად მოკლეს და შემდეგ გვამები დაწვეს. ქვეყნის ეროვნული ტრიბუნალის წარმომადგენლების განცხადებით, საქმის მასალებიდან კარგად ჩანს, რომ მთავრობასა და მექსიკის დანაშაულებრივ სამყაროს ერთმანეთთან მჭიდო ურთიერთობები აკავშირებთ.