ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა

გვატემალაში ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 69-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ 17 ცხედრის ამოცნობა მოხერხდა, იმის გამო, რომ ლავამ და ვულკანურმა ფერფლმა გარდაცვლილების თითის ანაბეჭდები ამოუცნობი გახადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ცხედრების ამოსაცნობად „დნმ“-ის ანალიზის ჩატარება გახდება საჭირო.
თვითმხილველები მედიასთან ყვებიან, რომ ვულკანურმა ფერფლმა გარდაცვლილები, ქანდაკების მსგავს ფიგურებად აქცია. მაშველებს ცხედრების ამოყვანა ვულკანური ფერფლით დაფარული სახლების სახურავებიდან მოუწიათ.
სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ამ ეტაპზე 46-ს შეადგენს, ევაკუირებულია 3 ათასი ადამიანი. დროებით თავშესაფრებში 1,68 ათასი ადამიანი იმყოფება. სტიქია საერთო ჯამში 1,7 მილიონ ადამიანს შეეხო.
ექსპერტების ვარაუდით, გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის მთავრობა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები