ნიკარაგუაში საპროტესტო აქციებისას 11 ადამიანი მოკლეს
ნიკარაგუაში პრეზიდენტ დანიელ ორტეგას წინააღმდეგ მიმართული აქციების დროს მომხდარი დაპირისპირებისას, სამართალდამცველებმა 11 ადამიანი მოკლეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი”, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფაქტი მკაცრად დაგმო სამხრეთ ამერიკის კათოლიკურმა საეპისკოპოსომ და მომხდარს „ორგანიზებული და სისტემური აგრესია“ უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ სამღვდელოებას, ნიკარაგუას პრეზიდენტსა და მომიტინგეებს შორის მოლაპარაკებებისას, მედიატორის ფუნქცია ეკისრა, მომხდარი სისხლიანი შეტაკების შემდეგ, ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც ნიკარაგუაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის დედაქალაქში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც დანიელ ორტეგამ ახალი რეფორმა დააანონსა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის სასიკეთოდ, მოქალაქეების ხელფასებიდან ბევრად მეტი თანხის ჩამოჭრა მოხდებოდა, ვიდრე ეს მანამდე იყო მიღებული. დანიელ ორტეგამ რეფორმის ინიცირების გადაწყვეტილება მალევე გააუქმა, თუმცა მომიტინგეები არ დაშლილან და საპროტესტო აქციების დროს მოკლული მოქალაქეების გამო, ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ხსენებული საქმეების გამოსაძიებლად კი, ნიკარაგუას პრეზიდენტს სპეციალური ჯგუფის შექმნას სთხოვენ, რაც ამ ეტაპზე უგულვებელყოფილია.
ევროპარლამენტმა მომხდარს „უმოწყალო რეპრესიები“ უწოდა და სასტიკად დაგმო, ხოლო ნიკარაგუას მთავრობას ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.