კიმ ჩენ ინი – კორეის ნახევარკუნძულზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით სიტუაცია იცვლება
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა აფასებს იმას, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების დომინირებას უპირისპირდება.
„ვაფასებ იმას, რომ პრეზიდენტი პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების დომინირებას უპირისპირდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ამ საკითხთან მიმართებაში“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვის ვიზიტი იმ მომენტში განხორციელდა, როდესაც „კორეის ნახევარკუნძულზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით სიტუაცია იცვლება“.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ კორეას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეწვია და კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებები გამართა.