რა განცხადება გააკეთა მოსასმენი აპარატურის შესახებ შს მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა?

ექსპერტი სოსო ცინცაძე ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში – შს მინისტრობის პერიოდში საუბრობდა დაკარგული პორტაბელური მოსასმენი აპარატურის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იყო.
„ჩემი ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ აქვთ პორტაბელური, გადასატანი მოსასმენი აპარატურა, რომლის საშუალებითაც მათ აქვთ შესაძლებლობა მოუსმინონ რამდენიმე ადამიანს. არ გამოვრიცხავ ვიღაცებს უსმენდნენ და შემდგომ ეს ჩვენ დაგვაბრალონ”,- აცხადებდა შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
როგორც ექსპერტი სოსო ცინცაძე „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უმჯობესი იყო, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ან პარლამენტის თავჯდომარეს დავით უსუფაშვილს კანონპროექტის ინიცირება მოეხდინათ. ექსპერტის თქმით, კანონის მიღება, რომ აპარატურის გამოყენების შემთხვევაში პირი მკაცრად დაისჯებოდა, პრევენციის როლს შეასრულებდა.10346907_864590460235638_1335739027_n
„პორტაბელური მოსასმენი აპარატურის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. ხელისუფლება საუბრობდა, რომ აპარატურა დაკარგულია და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია. მაშინვე უნდა ინიცირებულიყო კანონი. იმ პერიოდში, როდესაც ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი, ხოლო ივანიშვილი – პრემიერი, არსებობდა ეჭვი აპარატურის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არსებობის შესახებ და ისინი ამას ბოროტად იყენებენ. საფრთხის გასანეიტრალებელი ერთადერთი ლეგიტიმური საშულება მკაცრი კანონის მიღება იყო. კანონი – ვინც გამოიყენებს აპარატურას ის მკაცრად დაისჯება, პრევენციის როლს შესარულებდა. ვისაც მოსასმენი საშულება ჰქონდა, დასჯის შიშით უკანონო ჩანაწერების გაკეთებამდე დაფიქრდებოდა. ეს აპარატურა ისეთი მოვლენაა, რომ დიდხანს საიდუმლოდ ვერ შეინახება. თუ ის არ ამუშავდა, მაშინ ფასს კარგავს. ეს ხომ არ არის ბირთვული იარაღი, რომ კაცობრიობას აქვს, მაგრამ შიშის გამო არ იყენებს. ეს ისეთი რამ არის, თუ გაქვს აუცილებლად გამოიყენებ. ამიტომ მხოლოდ კანონით შეძლება ჯებირის აღმართვა, რომ აპარატურა არავინ არ გამოიყენოს“, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.
ამასთან, ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იგი ღრმად არის დარწმუნებული, დღევანდელი ხელისუფლება უკანონო მოსმენებს არ ახორციელებს. თვალჭრელიძის თქმით, ამის ფიქრის მიზეზს აძლევს ფაქტი, რომ მისი ტელეფონი, რომელიც 10 წელი ისმინებოდა აღარ ისმინება. მისივე თქმით, გავრცელებული ფარული ჩანაწერები „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, მაგრამ დამტკიცებული ჯერ არ არის.10364627_864590443568973_537640142_n
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, უკანონო მოსმენები მთავრობის დაკვეთით საქართველოში აღარ სრულდება. ღრმად ვარ დარწმუნებული თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ტელეფონი,რომელიც 10 წელი ისმინებოდა, აღარ ისმინება. მსგავსი მოვლენები ჩნდება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობას“ არჩევნების ან პოლიტიკური მოვლენების წინ უნდათ რაღაც სკანდალის აგორება. თუკი არ იქნებოდა ფარული მოსმენები, სხვა რაიმეს მოიგონებდნენ. ადგილობრივი არჩევნები მოდის და დაცემული აქვთ რეიტინგი. მათი მეგობარი ნავაროს ცნობითაც, „ნაციონალების“ რეიტინგი 10 პროცენტზე მეტი არ არის. შესაბამისად, ჩანაწერების გავრცელება არის მცდელობა, რომ მათი მდგომარეობა ცოტა გამოისწორონ. ეს არის დასაბუთებული ეჭვი, მაგრამ ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული“, – განაცხადა თვალჭრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები