ბაშარ ალ-ასადი რუსულ ტელეარხთან ალაპარაკდა
სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ ბაშარ ალ-ასადმა ტელეარხ Russia Today-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყველა რაიონი. სირიის ტერიტორიის ვერცერთ რაიონს ვერ დავტოვებთ სახელმწიფოს კონტროლის გარეშე“, – აღნიშნა ბაშარ ალ-ასადმა.
სირიის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ერაყის მაგალითი უნდა გაითვალიწინონ და სირიის ტერიტორია დატოვონ.
ასადმა მინიშნებები იმაზეც გააკეთა, რომ მისი მთავრობა მოლაპარაკებებისთვის მზადაა ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა ფრაქციებთან მიმართებაში, რომლებიც ქვეყნის გარკვეულ რეგიონებს აკონტროლებენ.
„ეს არის ჩვენი პირველი ალტერნატივა. თუ ეს შეთავაზება არ იმუშავებს, ჩვენ თავად აღვადგენთ კონტროლს ქვეყნის ყველა რეგიონში, რაც კონკრეტული ადგილების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნებას გულისხმობს“, – აღნიშნა ბაშარ ალ-ასადმა.
ინტერვიუში ბაშარ ალ-ასადი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსაც გამოეხმაურა, როდესაც მან ასადს „ცხოველი“ უწოდა. მან ტრამპის მისამართით შემდეგი ფრაზა გამოიყენა – „რასაც ამბობ, ის თავად ხარ“.