ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, ისრაელსა და ღაზას სექტორში სროლები შეწყდა
ამ დროისთვის, ისრაელი-ღაზას საზღვარზე ცეცხლი შეწყვეტილია. აქტიური სამხედრო მოქმედებები მას შემდეგ შეწყდა, რაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მას შემდეგ, რაც ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთეს, ანალოგიური გადაწყვეტილება ისრაელმაც მიიღო. შეთანხმების მიღწევის შემდეგ, არცერთი მხრიდან სროლა არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, 30-მდე რაკეტის გაშვება განხორციელდა, რომელთა უმეტესობაც ისრაელის ანტი-სარაკეტო სისტემამ გაანადგურა, თუმცა რამდენიმე მათგანმა ისრაელის ტერიტორიამდე მაინც მიაღწია და საბავშვო ბაღის შენობა დააზიანა. შეტევის საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში მდებარე 35 ლოკაცია დაბომბა, სადაც სამხედრო შენაერთები იყვნენ განლაგებული. ექსპერტებმა დაბომბვას ისრაელი-ღაზას კონფლიქტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა უწოდეს.