აშშ მკაცრად გმობს სირიის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სირიის მიერ საქართველოს 2 სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთისა და ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მკაცრად დაგმო.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ კვლავ მოუწოდებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის სურვილს, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, კერძოდ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ხსენებული რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ამერიკის შერთებული შტატები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არსებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.
„აშშ-ს პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გადახედვას არ ექვემდებარება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ გაითვალისწინონ გაერო-ს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დააბრუნოს სამხედრო ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე, როგორც ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაშია აღნიშნული“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისათვის, გუშინ სირიის რეჟიმმა ე.წ. აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, რის შემდეგაც საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები