ისრაელი-პალესტინის საზღვართან ებრაელებმა პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს
ისრაელი-პალესტინის საზღვარზე, ღაზას სექტორის სიახლოვეს, პარასკევს, გვიან ღამით, კვლავ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რა დროსაც ათობით პალესტინელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ებრაელმა ჯარისკაცებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. პალესტინის ლიდერების მიერ ინსპირირებული საპროტესტო აქციები, რომელსაც „დაბრუნების დიდი მარში“ უწოდეს, უკვე ორი თვეა, რაც ღაზას სექტორთან მდებარე ებრაული სასაზღვრო ბლოკპოსტის სიახლოვეს პერიოდულად იმართება. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი პალესტინელები ისრაელისგან იმ ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვენ, რაც მათ 1948 წელს ისრაელის არმიასთან წაგებული ომის შედეგად დაკარგეს.
ადმინისტრაციულ საზღვარზე შეტაკებების შედეგად, უკვე 113 პალესტინელია გარდაცვლილი. მათი უმეტესობა ებრაელი სნაიპერების ტყვიამ იმსხვერპლა. ღაზაში არსებული მდგომარეობის გამო, ისრაელი მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს. გაერომ ისრაელს გონივრული მოქმედებებისკენ და პალესტინელებისთვის ცეცხლის გახსნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.