ირანი ევროპას ამერიკის მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციას სთხოვს
ირანის ისლამური რესპუბლიკა, ევროპის ლიდერი სახელმწიფოებისგან ეკონომიკური პაკეტის წარდგენას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის კომპენსირებისთვის.
ეკონომიკური პაკეტის შემუშავების ბოლო ვადად ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მაისის ბოლო დაასახელა. ამის შესახებ განცხადება ირანის მთავრობის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ნობახტმა გააკეთა.
„ჩვენ ეკონომიკური პაკეტის გადმოცემას მაისის ბოლოს ველით“-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირანის მთავრობის სპიკერმა და იქვე დაამატა, რომ ოფიციალური თეირანი რამდენიმე კვირაში გადაწყვეტს შეაჩეროს თუ დატოვოს ბირთვული უსაფრთხოების შეთანხმება ძალაში.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 8 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ევროპის ლიდერებმა, ირანს, შეთანხმების ძალაში დატოვების სანაცვლოდ, ამერიკული სანქციებისგან მიყენებული ზარალის ნაწილობრივი კომპენსირება შესთავაზა.