ისრაელი პალესტინასთან მოლაპარაკებებს უპერსპექტივოდ მიიჩნევს
ისრაელში მიაჩნიათ, რომ პალესტინურ მხარესთან მოლაპარაკებების აღდგენით, ღაზას სექტორში არსებული პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდება, – ამის შესახებ, განცხადება იერუსალიმის საქმეთა და ეკოლოგიის მინისტრმა, ზეევ ელკინმა გააკეთა.
„მეეჭვება, რომ პალესტინასთან მოლაპარაკებების აღდგენამ ღაზას სექტორთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან ზეევ ელკინმა.
მისი თქმით, ღაზას სექტორში გაჩენილი სერიოზული კრიზისის მიზეზი, პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის გადაწყვეტილებაა, რომელიც წყლისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებს.
„სწორედ ამის გამო, მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებები, ღაზას სექტორის პრობლემებს ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა იერუსალიმის საქმეთა და ეკოლოგიის მინისტრმა,ზეევ ელკინმა.
ცნობისათვის, ისლამისტური ოპოზიციური მოძრაობა „ჰამასის“ გავლენის ქვეშ მოქცეული ღაზას სექტორის მოსახლეობა, უკვე 10 წელია, რაც ეკონომიკური სანქციების პირობებში ცხოვრობს. სანქციები ღაზას სექტორს ისრაელმა დაუწესა, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატები და ისლამური სამყაროს მთელი რიგი სახელმწიფოები უჭერენ.