საფრანგეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად „საკოორდინაციო მექანიზმს“ შეიმუშავებენ
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი და რუსეთის ფედერაცია „საკოორდინაციო მექნიზმის“ შექმნას აპირებენ სირიაში არსებული კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.
როგორც ცნობილია, ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გუშინ შეხვდა.
ემანუელ მაკრონის თქმით, მექანიზმი უნდა შეთანხმდეს ასტანის ჯგუფთან – რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან, ასევე მთელ რიგ სახელმწიფოებთან, მათ შორის საფრანგეთთან, გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთთან და ამერიკის შეერთებული შტატებთან. აღნიშნული მექანიზმის მუშაობის პრინციპი მაკრონს არ დაუზუსტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეებმა მექანიზმი უახლოეს პერიოდში უნდა შეიმუშაონ.
„ჩვენ გვესაჭიროება ომის შემდგომ ვითარებაზე საუბარი. მიზანი სტაბილური სირიის აშენებაა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, სირიის კონფლიქტის დარეგულირებაში ახალი კონსტიტუციის მიღება პრიორიტეტული საკითხია, როგორც არჩევნების ჩატარება, რაშიც ყველა სირიელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ისინიც, ვინც ახლა დევნილები არიან.
შეხვედრისას პუტინმა მაკრონის საპასუხოდ აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავინდებურად ვერ ხედავს სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით რეგულირების ალტერნატივას.