დონალდ ტრამპი: ამერიკული ჯარი მზადაა რეაგირება მოახდინოს ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ არაგონივრულ ქმედებაზე
ამერიკის შეერთებული შტატების შიარაღებული ძალები მზად არიან შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ წინდაუხედავ ქმედებაზე, – აღნიშნული განცხადება ტელეარხ ABC-სთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.
მისივე განცხადებით, ამერიკელი სამხედროები მზად არიან შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ წინდაუხედავ და არაგონივრულ ქმედებაზე. მან იქვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს, სამხრეთ კორეა და იაპონია მზად არიან ხარჯების ნაწილი თავად დაფარონ, თუ მსგავსი სამხედრო მოქმედებების ჩატარება გარდაუვალი გახდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის სამიტის გადადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და სამიტის გადადებას „მსოფლიოს მარცხი“ უწოდა. „მე იმედი მაქვს, რომ კიმ ჩენ ინი, საბოლოო ჯამში, გააკეთებს იმას, რაც მართებულია არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი ხალხისთვის, რომელიც ძალიან იტანჯება. მჯერა რომ, ეს უზარმაზარი დარტყმაა ჩრდილოეთ კორეაზე და ნამდვილი მარცხი მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.