სირიული მედია აშშ-ს სამხედრო ბაზის დაბომბვაში ადანაშაულებს
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოსარგებლე სირიულმა კოალიციამ, სირიის უდაბნოში განთავსებული სამხედრო ბაზა დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიული სამთავრობო მედია-საშუალებები ავრცელებენ.
„ჩვენი სამხედრო დანაყოფები ალბუ კამალსა და ჰამიმიაში კოალიციური შენაერთების მხრიდან შეტევის ობიექტად იქცა“-აღნიშნა სირიის სამთავრობო შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.
ბრალდებებს უკვე უპასუხა ამერიკულმა მხარემ და აღნიშნა, რომ აშშ-ს, სირიის მთავრობის ჯარების წინააღმდეგ, არანაირი საჰაერო შეტევა არ განუხორციელებია.
„ჩვენ მსგავსი სახის ოპერატიული ინფორმაცია, თითქოს ამერიკული მხარდაჭერის მქონე კოალიციური ძალების მიერ სირიული სამთავრობო ძალების ლოკაციები დაიბომბა, არ მიგვიღია“- აღნიშნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური მართვის ცენტრის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ბილ ურბანმა.