ევროკავშირმა, შესაძლოა, ვენესუელას მიმართ სანქციების დაწესებაზე იმსჯელოს
ევროკავშირმა, შესაძლოა, ვენესუელას მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე იმსჯელოს, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ გაკეთა.
მისი განცხადებით, კვირას, ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი არ აკმაყოფილებდა და ჩატარდა „პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და სამართლის უზენაესობისადმი პატივისცემის გარეშე“.
მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებზე გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის, – მოსყიდვა. მან, ასევე, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ გარკვეულ ზეწოლაზე ისაუბრა.
ცნობისათვის, ნიკოლას მადურომ გასულ კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ვენესუელას ცესკოს მონაცემებით, მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 68% დააგროვა. ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტიო არჩევნები, შედეგების გაყალბების მოტივით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, არ აღიარეს.