თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის თარიღად კვლავ 12 ივნისს ასახელებს
თეთრი სახლის ადმინისტრაცია, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის სავარაუდო თარიღად, 12 ივნისს ასახელებს.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა. აღნიშნული განცხადება პომპეომ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შესაძლო გადადება ივარაუდა.
„ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ შეხვედრა 12 ივნისს გაიმართოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შეხვედრა წარმატებით ჩატარდეს. პრეზიდენტი ტრამპი გვთხოვს, რაც საჭიროა გავაკეთოთ, რათა წარმატების მიღწევის შესაძლებლობა რეალური იყოს“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შედეგად მიზანი მიღწეული იქნება.
მისივე განმარტებით, კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეა ამერიკულ ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებს მიიღებს.