დავით გარეჯის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიაში უნიკალური ფრესკები დააზიანეს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ეს ვანდალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. თუმცა, ფრესკები ზედაპირულადაა დაზიანებული და შესაძლებელია მისი გამოსწორება ისე, რომ არ მოხდეს ფრესკის ზედაპრულ ფენასთან შეხება.
„ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ადგილზე იმყოფებოდა სამი დღის წინ და შეისწავლა დაზიანება. საბედნიეროდ, დაზიანების ხარისხი არ არის მნიშვნელოვანი, ის არის კირქვით, ანუ, სავარაუდოდ, ცარცით შესრულებული. უშუალოდ კედლის მხატვრობის შრეები არ არის დაზიანებული. მისი ადგილიდან მოშორება, სპეციალისტების შეფასებით, შესაძლებელია მარტივი მეთოდოლოგიით, დიდ დროს და შრომით დანახარჯს არ მოითხოვს. სპეციალისტების მიერ ადგილზე მოძიებული ფოტომასალის საფუძველზე მხატვარ-რესტავრატორები შეიმუშავებენ სათანადო მეთოდოლოგიას, გაკეთდება შესაბამისი პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდება სარესტავრაციო სამუშაოები და აღდგენითი პროცესი წარიმართება“, – განუცხადა „კვირას“ ბექა ბარამიძემ.
მისი განმარტებით, ძეგლი ურთულეს გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მდებარეობს, საკმაო მანძილით მოშორებულია მჭიდროდ დასახლებული პუნქტებიდან და ფიზიკურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ ამ ეტაპზე დაცვის ეფექტური მექანიზმების ამოქმედება ვერ ხერხდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის აზრით, აუცილებელია ძეგლის საფუძვლიანი რეაბილიტაცია. ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო. მხოლოდ ასე  შემცირდება მსგავსი ვანდალური ფაქტები, ვინაიდან ხშირად აღნიშნულ ქმედებას მოზარდები და ტურისტული ჯგუფები ახორციელებენ.
ბექა ბარამიძე ამ მხრივ დიდი იმედს ამყარებს დავით გარეჯის 2018 წლის „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვედრაზე, რითაც საერთაშორისო საზოგადოებამ დავით გარეჯის კომპლექსის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა.
„ევროპა ნოსტრა“ იღებს ვალდებულებას საიმისოდ, რომ ყველაზე კვალიფიციური და ინტელექტუალური სპეციალისტების ჯგუფი იქნება ჩართული იმ სამეცნიერო და მეთოდოლოგიური პრონციპების განსაზღვრის პროცესში, რომელიც მოიცავს ამ ურთულესი რელიეფისა და გეოგრაფიული აგებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო მიმართულებებს,  რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ბექა ბარამიძე.
უდაბნოს მთავარი ეკლესია IX-XI საუკუნეებით არის დათარიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები