ესპანეთი, რუსეთს კატალონიის კრიზისში უხეშ ჩარევაში, ადანაშაულებს
ესპანეთის ეროვნული სადაზვერვო უწყების განცხადებით, „რუსული ინსტიტუტები“ კატალონიაში მიმდინარე მოვლენების დროს ცდილობდნენ, პროცესებზე ზეგავლენა მოეხდინათ, სადაც 1-ელ ოქტომბერს, ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე, უკანონო რეფერენდუმი გაიმართა.
„უკვე მტკიცდება, რომ აქტივისტებს მხარდაჭრას “რუსული ინსტიტუტები” უწევდნენ. მოვლენებში ჩარევა იკვეთება მედია-გაშუქების კუთხითაც“-აღნიშნულია ესპანეთის ეროვნული სადაზვერვოს კიბერუსაფრთხოებისა და ტენდენციების ანგარიშში.
დოკუმენტის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ესპანეთი მთელი რიგი სახელმწიფოების მსგავსად, კიბერ-თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მასებზე ზეგავლენის მცდელობა კონკრეტული სახელმწიფოს მხრიდან იმართებოდა. დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ იმასაც, რომ ინფორმაციის პუბლიკაცია, მედია-საშუალებებისა და სოციალური სივრცის ინტოქსიკაცია ხდებოდა მიზანმიმართულად, რასაც წარმატებით, სათავისოდ იყენებდნენ სახელმწიფო სტრუქტურების გარკვეული პირები საზოგადოების პოლარიზებისა და დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა რუსეთის ფედერაცია არაერთხელ დაადანაშაულა კატალონიაში მიმდინარე პროცესებში ჩარევაში და კატალონიის მმართველი ძალის მხარდაჭრაში ესპანეთიდან გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრალდებებს უკვე უპასუხა და აღნიშნა, რომ კატალონიის კრიზისი ესპანეთის შიდა კონფლიქტია, რომელიც ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.