ავღანეთში ტერორისტებმა მიკროავტობუსი ააფეთქეს
ავღანეთის ქალაქ ყანდაგარში მიკროავტობუსი აფეთქდა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევა ავღანეთის სამხრეთით მდებარე პოლიციის ბლოკპოსტის სიახლოვეს მოხდა, რამაც უამრავი ადამიანის დაშავება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ტერორისტული თავდასხმები მუსულმანებისთვის წმინდა თვეშიც გრძელდება, როდესაც რამადანი მიმდინარეობს.
აფეთქების შემდეგ, მთავრობის მხრიდან დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ, ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ყანდაგარის რაიონული ჰოსპიტალის ექიმის განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში, ამ დროისთვის, 25 ადამიანია შეყვანილი, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადები ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილაზე მუშაობენ და აფეთქების შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი მაშინ აფეთქდა, როდესაც ის პოლიციის ბლოკპოსტს მიუახლოვდა, თუმცა უცნობია, იყო თუ არა პოლიციის ბლოკპოსტი ტერორისტების რეალური სამიზნე.
მომხდარის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ, ამ დროისთვის, ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცნობისათვის, უკვე ასობით ადამიანია მოკლული ავღანეთში მოწყობილი ტერორისტული აქტების სერიის შედეგად. მოგვიანებით, ყველა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, საგაზაფხულო ტერაქტების მოწყობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.