შს მინისტრი: ინტერნეტის გზით ნარკოტიკის გასაღება არის გამოწვევა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვადასხვა ძლიერი ქვეყნისთვის
ინტერნეტის გზით ნარკოტიკის გასაღება არის გამოწვევა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ძლიერი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. ერთადერთი შესაძლებლობა არის სპეციალური ღონისძიებებით გამოვლენა კონკრეტული შემთხვევების. ჩვენ რამდენიმეჯერ დავბლოკეთ რამდენიმე საიტი, თუმცა ჰოსტინგის სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ადამიანები ამ საიტებზე მოხვედრას. გვრჩება, ერთადერთი გზა – ფიზიკური თვალთვალით გამოვავლინოთ მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე გამოვავლინეთ, ერთი იყო გახსნილი. თუმცა, კარგად გვესმის, რომ მასშტაბების შეფასება დღეს ძალზედ რთულია. ამიტომ, ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან თანამშრომლობას“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა შს სამინისტროს აქტივობები იყოს ბევრად უფრო ეფექტური.