მეუფე ნიკოლოზი: მეუფე შიო პატივისცემას იწვევს, რადგან დაუღალავია, ფუტკარივით შრომა რომ შევატყვე, სიმშვიდე დამეუფლა

განვლილი ცხრა წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი მეუფე შიოს და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მიკვირდა და ძალიან დიდ პატივისცემას იწვევდა მისგან ის, რომ დაუღალავი, დაუზარელი მშრომელი იყო, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კითხვაზე, მაინც და მაინც მასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა მოსაზრება, რომ მეუფე ნიკოლოზი იქნებოდა ეპისკოპოსი, რომელმაც დღევანდელ გაფართოებულ კრებაზე არცერთი საპატრიარქო კანდიდატი არ შემოხაზა ბიულეტენზე, ეპისკოპოსი დაინტერესდა, რატომ აქვს საზოგადოებას მასზე მსგავსი მოსაზრება.

„თქვენი ვარაუდი მითხარით, ჩემზე რატომ ფიქრობს ამას ხალხი? რატომ არის ეს აზრი მაინც და მაინც ჩემზე, იმიტომ, რომ რაღაცით გამოვირჩევი, მეამბოხე სული მაქვს თუ რატომ? რატომ ამბობენ ამას, საიდან იციან, ეს ხომ ფარული კენჭისყრა არის? საიდან შეიძლება ეს იცოდეს ვინმემ? ვიღაც არის ერთი, რომელმაც არც წინა კენჭისყრაზე მისცა ხმა და არც ახლა.

ეს ვერ გამომჟღავნდება, თუ თავად არ იტყვის ის ადამიანი. მე რაც შემიძლია გითხრათ, ყველაფერს უკვე დაუფარავად გეტყვით, როცა ყველაფერი დამთავრდება. ჩემს აზრს ამის შესახებ გეტყვით დაუფარავად.

მანდ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც თქვენც გეხებათ, მეუფე შიოსაც ეხება, თითოეულ ეპისკოპოსსაც ეხება და საერთოდ მთელ ქვეყანას. ჩვენ თანდათანობით უნდა შევიდეთ რაღაც ახალ სივრცეში. ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და უნდა ვიყოთ ტოლერანტულები. მე და თქვენ ახლა ვსაუბრობთ და თუ რაიმე საკითხზე განსხვავებული აზრი გვაქვს, ერთმანეთის აზრს უნდა ვცეთ პატივი.

ეს იყო ფარული კენჭისყრა. მე ამაზეც ვთქვი, რომ ნუ იქნებოდა კენჭისყრა ფარული, ყოფილიყო ღია კენჭისყრა და არანაირი კითხვა აღარ იქნებოდა. მაგრამ რადგან ფარულია ეს კენჭისყრა, კი ბატონო, იყოს ფარული და ჰქონდეს ადამიანს იმის უფლება, რომ უცნაურად მოიქცეს და არავის მისცეს ხმა. შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ ვართ ზრდასრული ადამიანები, მოაზროვნე ადამიანები და რაღაცის შესახებ შეიძლება განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ერთმანეთს ნუ გავრიყავთ.

ამ განვლილი ცხრა წლის განმავლობაში მე ვაკვირდებოდი მეუფე შიოს და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მიკვირდა და ძალიან დიდ პატივისცემას იწვევდა მისგან ის, რომ დაუღალავი, დაუზარელი მშრომელი იყო და რასაც ის აკეთებდა, იქ დელეგაციების მიღებაზე არ მაქვს ლაპარაკი, მსახურება, ვალდებულება… ვალდებულება გაქვს, რომ სულ იყო კარგ ხასიათზე, სულ რაღაც აკეთო, რაც ძალიან ძნელია. წლები გავიდა და ეს თვისება, ფუტკარივით შრომა რომ შევატყვე, მინდა გითხრათ, რომ თანდათანობით სიმშვიდე დამეუფლა ამ მხრივ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები