„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იმსჯელეს.

„შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომაზე განიხილეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული მნიშვნელოვანი მიმართულებები და ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებული პროცესები.

სხდომაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ მიმართულებებს, მათ შორის, ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას. დეტალურად განიხილეს, თუ რა ნაბიჯებია დაგეგმილი აღნიშნული მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, ასევე, იმსჯელეს აღმასრულებელი რგოლის მიგნებებსა და შეფასებებზე.

ამასთან, უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს ეკონომიკური ზრდის საკითხიც და აღინიშნა, რომ შესაბამისი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება.

საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვან საერთაშორისო ვიზიტებსა და უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, განიხილეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი და მისი მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო მინისტრის როლს, განვლილ გზას და მის მიერ წარმატებით განხორციელებული საქმიანობის შეფასებას. ამ კუთხით, ხაზი გაესვა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს.

სხდომაზე საუბარი შეეხო ძალადობის ფაქტებზე დაკავებული ყოფილი და მოქმედი ძალოვნების საკითხსაც და აღინიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს და ინდულგენცია ვერ გავრცელდება ვერცერთი პროფესიის წარმომადგენელზე.

ასევე, განიხილეს 4 ოქტომბრის საქმესთან და ჯაშუშების გამოვლენასთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომაზე იმსჯელეს პლენარულ სესიებზე წარსადგენ და მისაღებ საკანონმდებლო ინიციატივებზეც“, – ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები