“წამყვან ევროპულ ქალაქებში არაერთი ნარკორეიდი ჩატარებულა და გაცილებით მკაცრი ფორმებით”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
როგორც ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში არსებობს ნარკორეიდების პრაქტიკა და იქ სპეცოპერაცია გაცილებით ხისტი ფორმებით ტარდება.
ამასთან, ხაინდრავა აცხადებს, რომ საქართველო, ნარკომომხმარებლების ოდენობით, რეგიონში ერთ-ერთი პირველია, რაც მისი თქმით, საგანგაშო მოცემულობაა.
„საეტაპო მოვლენები მოხდა საქართველოში, ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდებოდა. მთელმა საზოგადოებამ, ჩემი აზრით, ბოლომდე ჯერჯერობით ვერ გაიაზრა, მაგრამ თვალნათლივ დაინახა, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ნარკომანიამ შეიძლება წალეკოს საქართველო, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ნარკომომხმარებლების რაოდენობით არამხოლოდ რეგიონში, არამედ, შესაძლოა, ევროპაშიც. ეს პრობლემა დიდი ხანია დგას ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ სულ მიჩუმათებული იყო და მეორეხარისხოვანი საკითხის რიგში იდგა. ამ უკანასკნელმა მოვლენებმა აბსოლუტურად გახსნა ის ჭაობი, რომელშიც ვიმყოფებით. საქართველო ევროპის პერიფერიაა, ამიტომ, ის რაც ევროპაში 10-15 წლის წინ დაიწყო, მერე რაღაცა ფორმა მიიღო და გარკვეულწილად განვითარდა, ახლა მოგორდა ჩვენთან. ძალიან ხმამაღლა გავყვირით, რომ თურმე ყველაზე პოპულარული კლუბები გვაქვს მსოფლიოში და ერთ-ერთი წამყვანები ვართ. წამყვანები ვართ იმიტომ, რომ ისეთ დიდ ქალაქებში – ლონდონში, ბერლინში, პარიზში ამ ყველაფერმა გადაიარა. გადაიარა სპეცოპერაციებმა, ნარკორეიდებმა, რაც ბევრად უფრო მკაცრი იყო, ვიდრე „გალერიში“ და „ბასიანში“ ჩატარებული სპეცოპერაციები, ევროპაში ჩატარებული სპეცოპერაციების დამდასტურებელი კადრები, ფაქტები არსებობს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი შვილის ბედით და მომავლით, შეუძლია ჩაიხედოს ინტერნეტში და ნახოს, როგორ დახურეს ლონდონში 4 კლუბი, როგორ შემოიღეს ლიცენზიები და ა.შ. “- განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები