ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა.
როგორც გვარამიამ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ტელეკომპანიის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ფარული მასალები ჟურნალისტური გამოძიების შედეგია.
“დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუ რაზე ვარ დაბარებული. სავარაუდოდ, საკითხი ჩვენს მიერ გუშინ გავრცელებულ მასალის მოპოვებას ეხება. ეს არის ჟურნალისტური გამოძიების შედეგი და ჟურნალისტს იცავს კანონი წყაროს არ გამხელასთან დაკავშირებით. ეს წყარო ჟურნალისტს ჩემთანაც არ გაუმხელია. შესაძლოა კითხვები დამისვან იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებულია და ეხება ჩვენთან ფარული მიყურადების ტექნიკის აღმოჩენას”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს.
პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.