ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა კვირის ბოლომდე შედგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან საპარლამენტო ფორმატში შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება.
მისივე შეფასებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია დეტალების განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება.
„ჩვენთვის მთავარია, რომ დეტალებში განვიხილოთ სპეცოპერაციის საკითხები და ამასთან დაკავშირებით არის შესაბამისი მზადყოფნა. სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე,  შეიძლება პრინციპში  ითქვას, რომ კვირის ბოლომდე შედგება საპარლამენტო ფორმატში შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მონაწილეობით და იქ განვიხილავთ დეტალებს. ვიდრე დეტალებს საბოლოოდ არ გავივლით, მე მაქვს  გარკვეული წინასწარი განწყობა. ჩვენ გვქონდა,  ბუნებრივია, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან და მან განმარტა მიზეზები ამ სპეცოპერაციის, კონკრეტულად ფორმის, ასე ვთქვათ, შერჩევის მიზეზები და ა.შ.  თუმცა, ვიდრე დეტალებს არ განვიხილავთ, მანამდე, ბუნებრივია, საბოლოო პოზიციას ჩვენ ვერ ჩამოვიყალიბებთ. მე მაქვს წინასწარი პოზიცია, რომელიც უკვე დავაფიქსირე. საბოლოოდ, ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც ყველა დეტალს განვიხილავთ”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფორმას, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ დღეებში გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ჰუმანური სახით მოქმედებს და ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა.
„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება მოქმედებს ჰუმანური სახით და ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდე შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წესი, ხელისუფლება უპირისპირებდა ხოლმე სისასტიკესაც კი. ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა 2012 წლამდე  და ეს არის რადიკალურად შეცვლილი. დღევანდელი პრაქტიკა არის რადიკალურად შეცვლილი. ეს დავინახეთ გასული დღეების განმავლობაში.  სპეცოპერაციის დღესაც კი არცერთი შემთხვევა არ ყოფილა სხეულის თუნდაც მსუბუქი დაზიანების. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ხელკეტის გამოყენების პოლიციელის მიერ. ეს არის ყველაზე მსუბუქი ფორმა ჩარევის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მაქსიმალურად არის ორიენტირებული სისტემა ადამიანზე, არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მთავარი პრინციპია ის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ეს მიდგომა ხელისუფლებამ სათანადოდ წარმოაჩინა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია  თითოეული ადამიანის უფლების დაცვა, მათ შორის გამოხატვის უფლების დაცვა. როგორც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ჩვენ ესა თუ ის მოსაზრება, ესა თუ ის ქმედება ამა თუ იმ ადამიანის, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ეს მიდგომა  სათანადოდ წარმოაჩინა ხელისუფლებამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები