ნანა კაკაბაძე: როდესაც მათი პოლიტიკური ინტერესებისათვის მომგებიანად ჩათვლიან, ფსევდოლიბერალებისთვის უკანა პლანზე გადადის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიც, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაც, სამართლიანობაც და პრინციპულობაც
როდესაც მათი პოლიტიკური ინტერესებისათვის მომგებიანად ჩათვლიან, ფსევდოლიბერალებისთვის მაშინვე უკანა პლანზე გადადის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიც, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაც, სამართლიანობაც და პრინციპულობაც, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე.
იგი აღნიშნული პოსტით ორმაგი სტანდარტის თემას განიხილავს და სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი მაგალითები მოჰყავს.
„რა არის ორმაგი სტანდარტი
გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში ძალადობრივი მიტინგების დროს ადგილობრივ თუ უცხოელ პოლიტიკოსებს და „უფლებადამცველებს“ არც მოლოტოვის კოქტეილების, ქვების თუ რკინის ნაჭრების სროლა დაუნახავთ, არც ქუჩაში აღმართული ბარიკადები და არც ცეცხლში გახვეული პარლამენტის შენობა, ამიტომ პოლიციის მხრიდან ამ ქმედებებზე გამოვლენილ ნებისმიერ რეაქციას „ძალის გადაჭარბებულ გამოყენებად“ აფასებდნენ და „მკაცრად გმობდნენ“, ხოლო აქციებში მონაწილე მოძალადე დაკავებულებს სინდისის ან პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებდნენ.
მათ შორის 2 აქტივისტი ბრალდებულის (მზია ამაღლობელის და გიორგი ახობაძის) განაჩენი რამდენიმე დღის წინ (6 აგვისტოს) გამოცხადდა ბათუმსა და თბილისში, რასაც იმავე დღეს მოჰყვა ევროკავშირის 24 ელჩის საპროტესტო განცხადება. განცხადება აშკარად წინასწარ იყო გამზადებული, რადგან საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ დღეს გამოცხადებული ამ 2 განაჩენის სულისკვეთებას. ამ განცხადებაში გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენი საერთოდ არ იყო ნახსენები, მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი, ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლის მიუხედავად, ელჩების მიერ, უბრალოდ, დაგმობილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპელი ელჩები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ მას მოეხდინა ქალის მიერ პოლიციელისათვის სახეში სილის გარტყმის დეკრიმინალიზაცია, რადგან თურმე ქალის ნაზი ხელი ასეთ შემთხვევაში პოლიციელს ვერ მიაყენებს ტკივილს.
სხვათა შორის, თვითონ მზია ამაღლობელი არ უარყოფდა, ემოციური მდგომარეობიდან გამოწვეულ საკუთარ საქციელს ნანობდა, თუმცა, ამას დანაშაულად არ აღიარებდა. არადა, შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება იმ შემთხვევაში თუ ჩაფენილს დანაშაულად შეაფასებდა და ფაქტობრივად სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ეს ვერ გაბედა შიდა და გარე „გულშემატკივრების“ გამო, რომლებიც გმირობად უთვლიდნენ სილის გაწვნას. შეიძლება პიროვნება პირადად არ ეთანხმებოდეს მისი ქმედების კვალიფიკაციას, მაგრამ თუ კანონი სხვაგვარად მიიჩნევს, მაშინ ამის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და არა ელჩების ან პოლიტიკოსების.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაცვის მხარე განაჩენს გაასაჩივრებს და სტრასბურგამდე მივა, რაც სრულიად კანონიერი გზაა, მაგრამ ნუთუ სერიოზულ იურისტებს სერიოზულად ჰგონიათ, რომ სტრასბურგის სასამართლო ჩათვლის, რომ მზია ამაღლობელის ქმედება არც თავდასხმა იყო, არც ძალადობა, მას უდანაშაულოდ გამოაცხადებს და საქართველოს ხელისუფლებას ისიც მოსთხოვს ქალის მიერ პოლიციელისათვის სახეში სილის გარტყმის დეკრიმინალიზაციას? ხომ წარმოგიდგენიათ, ქალის მხრიდან პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე გამამართლებელი განაჩენის (ან მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის) დადგენის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ აქციაზე აგრესიული ქალების მხრიდან პოლიციელთა მიმართ. აი, ასეთი ქაოსისა და პოლიციის „დაჩმორების“ ატმოსფეროს შექმნისკენ მოგვიწოდებენ ევროპელი ელჩები.
ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც ამერიკაში მიგრანტების მხრიდან პოლიციელებზე გახშირებული თავდასხმების შეფასებისას დონალდ ტრამპმა პირდაპირ მოუწოდა სამართალდამცავებს, რომ მომავალში ასეთი ქმედების ან დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში თავდამსხმელების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გამოეყენებინათ ყველა საშუალება ცეცხლსასროლი იარაღის ჩათვლით. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, ეს რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანს ეთქვა და აგრესიული თავდამსხმელების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისკენ მოეწოდებინა. ჩვენმა და უცხოელმა ლიბერალებმა კი ტრამპის ამ მოწოდებაზე „რატომღაც“ ყური მოიყრუეს და უხმაუროდ გაატარეს.
სულ რამდენიმე დღის წინ შვედეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და სიტყვიერი მუქარებიც დაისჯება სისხლის სამართლის წესით და დამნაშავეს მაღალი ჯარიმა ან ხანგრძლივი პატიმრობა შეეფარდება. საქართველოს საჯარო მოხელეების დაცვისაკენ მიმართული ანალოგიური კანონი კი ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ დემოკრატიული პრინციპების ღალატად და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულად შეაფასეს.
აღარაფერს ვამბობთ „ფარას“ ამერიკული კანონის „რუსულ კანონად“ მონათვლაზე და ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მხრიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისათვის ხელის შემშლელი კანონების დაგმობაზე, საქართველოსთვის საპროტესტო შეკრებების დროს სახის ნიღბით დაფარვის და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვის გაპროტესტებაზე და ევროპულ ქვეყნებში ანალოგიური კანონების მიღების მიზანშეწონილობაზე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტების გასამართლების პრაქტიკის ჩვეულებრივად მიღებაზე, ხოლო საქართველოსთვის ამ პრეცედენტის ანტიდემოკრატიულ ქმედებად შეფასებაზე. აღარც იმას ვიხსენებთ, თუ როგორ დადებითად შეაფასეს ევროლიბერალებმა მოლდოვაში ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქალის დაპატიმრება და მისთვის 7-წლიანი პატიმრობის შეფარდება და როგორ დაგმეს საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის მიერ შეგნებულად კანონის დარღვევასა და საკუთარი ფეხით 7-8-თვიან პატიმრობაში წასვლის გამო, ან როგორ დაიბრმავეს თვალები იგივე მოლდოვაში და უკრაინაში ოპოზიციური მედიის სრულ განადგურებაზე და რა ენთუზიაზმით „ამხილეს“ საქართველოს ხელისუფლების მიერ მედიის წინააღმდეგ არარსებული „სასტიკი და დაუნდობელი“ რეპრესიები.
კიდევ ერთი მაგალითი: ყველამ ვიცით, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტობა ილჰამ ალიევს მემკვიდრეობით მამამ დაუტოვა, მერე ილჰამმა ცოლი დაისვა ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო შვილს ამზადებს თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ. ახლახან ვაშინგტონში შეხვედრისას ტრამპმა ალიევს ჰკითხა, რამდენი წელია მართავ ქვეყანასო და იმან უპასუხა, 22 წელიო. ამაზე ტრამპმა ჩაილაპარაკა: „აი, რას ნიშნავს ძლიერი და ჭკვიანი მმართველიო“. ევროლიბერალებმა, რომლებსაც არაერთი რეზოლუცია აქვთ მიღებული დიქტატორი ალიევის წინააღმდეგ, რატომღაც პირში წყალი ჩაიგუბეს და პირიქით, აღფრთოვანებით შეხვდნენ „დიქტატორი“ ალიევის უპირობო სამხედრო და პოლიტიკური გამარჯვების აღიარებას აშშ-ს მიერ.
ახლა გავიხსენოთ, რა ამბები აქვთ ატეხილი შინაურ თუ გარეულ „კეთილისმსურველებს“ საქართველოში 4-ჯერ არჩეულ ქართული ოცნების 14-წლიან „არადემოკრატიულ და დიქტატორულ“ მმართველობაზე, როდესაც ამ ხნის მანძილზე ქვეყანამ 6 თუ 7 მთავრობა გამოიცვალა. მოკლედ, დემოკრატია და ადამიანის უფლებები მაშინ და იმათ წინააღმდეგ ახსენდებათ, როცა ეს სჭირდებათ.
ისე, ტერიტორიების დათმობაზე ხელმომწერი ფაშინიანი ლამის დემოკატიის ახალ შუქურად შეაფასეს ლიბერალებმა. ხვალ თუ ზეგ დასავლეთის მიერ გაფეტიშებული ზელენსკიც მოაწერს ხელს საკუთარი ტერიტორიების დათმობას და ისევ ლიბერალების ქებას დაიმსახურებს „ბრძნული“ გადაწყვეტილების გამო და გამოდის, რომ მათთვის მხოლოდ ის ხელისუფლებებია მისაღები, ვინც ტერიტორიების დაკარგვას აღიარებს?
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ როდესაც მათი პოლიტიკური ინტერესებისათვის მომგებიანად ჩათვლიან, ფსევდოლიბერალებისთვის მაშინვე უკანა პლანზე გადადის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიც, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაც, სამართლიანობაც და პრინციპულობაც.
კიდევ მრავალი სხვა მაგალითის მოტანა შეიძლებოდა ორმაგი სტანდარტებით მოქმედი ფარისეველი ფსევდოლიბერალების ნამდვილი სახის საჩვენებლად, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია, მით უმეტეს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათი ასეთი ქმედებებით შესაფასებელი მასალა მომავალშიც არ მოგვაკლდება“, – წერს ნანა კაკაბაძე.