ებრაული კოლექციების ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება

17 მაისს, 16:00 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ებრაული კოლექციების ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
„საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში 1933-1951 წლებში ფუნქციონირებდა. საქართველოში ებრაელთა კულტურისა და ყოფის ამსახველი სამუზეუმო კოლექცია შეგროვდა რეგიონული სამეცნიერო-ეთნოგრაფიული ექსპედიციების საფუძველზე. მუზეუმში დაცული კოლექციების ძირითადი ნაწილი დღეს ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში. აქ წარმოდგენილია ეთნოგრაფიული, რელიგიური თუ რიტუალური დანიშნულების ნივთები, ხელნაწერები, სამოსი, ქსოვილები, აქსესუარები, ასევე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც 1930-იან წლებში მუზეუმისთვის საგანგებოდ შეიქმნა. შალომ კობოშვილისა (1876-1941) და დავით გველესიანის (1890-1949) ნამუშევრებში განსაკუთრებით საინტერესოდ და ხატოვნადაა გადმოცემული ქართველ ებრაელთა ცხოვრება“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ებრაული კოლექციების შესწავლის, რესტავრაცია-კონსერვაციისა და პოპულარიზაციის საკითხებს. ბოლო ათწლეულის მანძილზე განხორციელებული პროექტების მეშვეობით კოლექციები მოწესრიგდა, გამოფენა გაიმართა და მომზადდა პუბლიკაციები.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში მოეწყო ებრაული კოლექციის გამოფენები, გამოიცა 4 კატალოგი, სადაც ასახულია, სამეცნიერო კვლევის შედეგად, ექსპონატების ახალი ატრიბუციები და დათარიღება. თითოეულ პროექტს თან ახლავს საგანმანათლებლო პროგრამა. ამ პროექტების ავტორი, ხელმძღვანელი და გამოფენების კურატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმის დროებითი გამოფენების მომზადების ჯგუფის ხელმძღვანელი, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფ. ლელა წიწუაშვილი.
2014-2015 წლებში, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, როტშილდის ევროპული ფონდის გრანტის ფარგლებში, განახორციელა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი: „ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში”, რომელიც სხვადასხვა სახის აქტივობებს მოიცავდა: კოლექციების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას. ასევე, პროექტის ფარგლებში, დასრულდა ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაცია და მომზადდა მონაცემთა ბაზა. 2016-2017 წლებში, როტშილდის ფონდის გრანტის ფარგლებში, განხორციელდა მეორე პროექტი „საქართველოს ეროვნული მუზეუმის ებრაული კოლექციების ვებგვერდის და ვირტუალური ექსპოზიციის შექმნა“. შედეგად, შეიქმნა ვებგვერდი – „ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში“. ორივე პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ლელა წიწუაშვილი.
2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიიღეს ევროპული ებრაული მუზეუმების ასოციაციის წევრად.
ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ვებგვერდი უკავშირდება ასოციაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმის შესახებ, ასევე, European Jewish Heritage პლატფორმას. პროექტის ფარგლებში ხორციელდება თანამშრომლობა Google Cultural Institute და Europeana Judaica-სთან.
ვებგვერდის პრეზენტაციისთვის წარმოდგენილი იქნება ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მცირე გამოფენა.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები