ბიძინა ივანიშვილი: დემოკრატიის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი
“მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული გულწრფელი მხარდაჭერისა, დემოკრატიის არარსებობის პირობებში, არცერთი ევროპული სახელმწიფო არ მიგვიჩნევდა სრულფასოვან, თანასწორ პარტნიორად”,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიის გარეშე ჩვენ განწირულნი ვიყავით, რომ საქართველოსა და ევროპას შორის დისტანცია შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
“დემოკრატიის გარეშე, ჩვენ ვერასოდეს გავხდებოდით ევროპული ოჯახის წევრი. ექვსი წლის წინ, ქართველმა ხალხმა დაძლია უიმედობა და გულგატეხილობა და თავისი ბედისწერა შეცვალა, ირწმუნა ჩვენი პოლიტიკური ძალის და მოიპოვა დემოკრატია. ჩვენ დემოკრატია არც მემკვიდრეობით მიგვიღია და არც ვინმეს კეთილი ნებით უბოძებია ზემოდან, ჩვენ ის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით ხელიდან გამოვგლიჯეთ რეჟიმს. და რაც ყველაზე მთავარია, უნიკალური ორგანიზებისა და პროცესების ფილიგრანული მართვის წყალობით, ჩვენ ეს უსისხლოდ მოვახერხეთ. სწორედ ამით დავამტკიცეთ, რომ ევროპელობა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიას შეუქცევადობის პირველი მძლავრი იმპულსი მისცა და ამით გაუხსნა საქართველოს ევროპის კარი! დემოკრატიაა ჩვენი უკომპრომისო ეროვნული იდეა და ჩემი ზეამოცანაა ამ მონაპოვარის შენარჩუნება და განვითარება. სწორედ ამისთვის ვბრუნდები საჯარო პოლიტიკაში!”- განაცხადა ივანიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც მთაწმინდაზე, „ანდერვილში“ გაიმართა.