საქართველო კანის 71-ე საიუბილეო კინოფესტივალზე
ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე საქართველოს პავილიონით წელს მეთერთმეტედ იქნება წარმოდგენილი (№105, Village International Riviera).
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, პავილიონში ინდუსტრიული კუთხით იმუშავებენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ზურაბ მაღალაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი – დავით ვაშაძე, ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი – თამარ ტატიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი – ნინო შერვაშიძე და Creative Europe-ს მედია პროგრამის მენეჯერი – ლევან ლომჯარია.
წელს კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში „პალმის რტოსთვის” იბრძოლებს საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქცია “მზის გოგონები”. ფილმის რეჟისორია Eva Husson, ხოლო პროდიუსერები – Didar Domehri, Etienne Comar, ვლადიმერ კაჭარავა, Jospeh Rouschop, Dan Wechsler და Jamal Zeinal Zade. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმში მონაწილე ქართველი მსახიობებიც გაემგზავრებიან. „მზის გოგონები” პროგრამის „გადაიღე საქართველოში” მხარდაჭერით შეიქმნა.
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ Variety 10 ყველაზე წარმატებული პროდიუსერი დაასახელა, რომელთა ფილმებიც წელს ევროპისა და ამერიკის წამყვან კინოფესტივალებზე მონაწილეობდნენ. Variety-ს სიაში ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელ, სანდენსის, ბერლინალეს და სხვა მნიშვნელოვანი კინოფესტივალის პრიზიორი ფილმების პროდიუსერებს შორის მოხვდა ლაშა ხალვაში – ფილმებისთვის „საშიში დედა” და „ჰორიზონტი”. Variety-ს რჩეულ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალის ფარგლებში 14 მაისს Nespresso beach-ზე დააჯილდოვებენ.
კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში Cinefondation მისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის “ნენე” განვითარებაზე იმუშავებს ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი. აღსანიშნავია, რომ „ნენემ” აზიური ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო.
კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა ქართული რომანი, რაც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას უკავშირდება. აკა მორჩილაძის “obOle” საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე 15 მაისს წარდგება. ქართველი ავტორის ნაწარმოები კანში 10 საუკეთესო რომანს შორის მოხვდა.
ახალგაზრდა რეჟისორის რატი წითელაძის პროექტი “ცარიელი სახლი” (პროდიუსერი – ნინო ვარსიმაშვილი) წარდგენილია კჟისტოფ კიშლოვსკის სახელობის პრიზზე, რომელიც საუკეთესო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სცენარისათვის გაიცემა. ღონისძიება კანის კინოფესტივალის ფარგლებში პოლონეთის ინსტიტუტისა და პროგრამის Script East მხარდაჭერით ტარდება.
საქართველოს სტენდზე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი სანდენსის, სან სებასტიანის, კარლოვი ვარის, ტორონტოს კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. პარალელურად, აქტიურად მოხდება საქართველოს, როგორც გადასაღები ქვეყნის და პროგრამის „გადაიღე საქართველოში” პოპულარიზაცია.
ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით კანის კინოფესტივალზე დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად და ერთობლივი წარმოების შესაქმნელად შემდეგი ქართველი პროდიუსერები გაემგზავრებიან:
•რუსუდან ჭყონია პროექტით „ვენეცია”;
•ვაკო კირკიტაძე პროექტით „ზამთრის დეპრესია”;
•დავით ისაკაძე პროექტით „უარყოფითი რიცხვები”;
•კოტე თაყაიშვილი პროექტით „ნინა”;
•არჩილ ქავთარაძე პროექტით „პანთეონი”;
•ნოდარ ნოზაძე პროექტით „ველი”;
•ირაკლი ჩხიკვაძე პროექტით „ომობანა”;
•ელენე კოლელიშვილი პროექტით „მამა”.
გაიმართება აქტიური შეხვედრები ბელგიელ, ხორვატ და ლიტველ პროდიუსერებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. პირველად ასეთი ფორმატის ღონისძიება ქართველი და უცხოელი პროდიუსერების დაკავშირების ინიციატივით შარშან, კანის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
14 მაისს კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულად გაიმართება ქართული წვეულება, რომელიც წელს ქართული კინოს 110 წლისთავს მიეძღვნება.