ლიკანის ორანჟერეას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანის ორანჟერეას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი მან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 18 აპრილის ბრძანებით მიიღო.
ორანჟერეის ნაგებობა ერთსართულიანია და დასავლეთ-აღმოსავლეთი გრძივი მიმართულების ორი წაგრძელებული მონაკვეთისგან შედგება. მისი გეგმა წარმოადგენს 59.08მ. სიგრძისა და 8.16მ. სიგანის მართკუთხედს, რომლის შუაში ჩასმულია რვაწახნაგა ფორმის მოცულობა – შემინული ფანჩატური. ორანჟერეის გვერდითი მოკლე ფასადები კლასიცისტური რეპერტუარის შემცველია.
ნაგებობის ზოგადი გეგმარება დღესაც იგივეა. მოგვიანებით ოდნავ შეიცვალა სათბურის შიდა გეგმარება. გამოცვლილია ლითონის ელემენტები.
ორანჟერეა მოსწორებულ რელიეფზეა გამართული, ლიკანის ტყე-პარკთან, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირის სიხლოვეს. ეს ნაგებობა შემინული, წაგრძელებული ლითონის კონსტრუქციაა, დაფუძნებული ერთი მეტრი სიმაღლის აგურის წყობის კედელზე.
ორანჟერეა აგებულია XIX-XXსს-ის მიჯნაზე და წარმოადგენს ლიკანის პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ-არქიტექტურულ საინჟინრო ნაგებობას. იგი მუდმივად გამოიყენებოდა თავისი დანიშნულებით და ამჟამადაც იგივე ფუნქციისაა. არსებობის განმავლობაში ხდებოდა გარკვეული სტრუქტურულ-გეგმარებითი ცვლილებები გამოწვეული ტექნოლოგიური გარემოებებით.
ორანჟერეა ლიკანის ტყე-პარკის არქიტექტურული ლანდშაფტის მხატვრულ-არქიტექტურული სახის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნაგებობაა. ეს არის მტკვრისპირა ბაქანზე კარგად მორგებული საინჟინრო სტრუქტურა, თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ესთეტიკითა და სამშენებლო ტექნოლოგიებით;