ქართველი მეცნიერ-ფილოლოგის ელენე მეტრეველის მემორიალური დაფა გაიხსნება
8 მაისს, 15:00 საათზე, ტაშკენტის №16-ში, გაიხსნება ქართველი მეცნიერ-ფილოლოგის, ძველი ქართული ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ელენე მეტრეველის მემორიალური დაფა.
ხელნაწერთა ცენტრის ინფორმაციით, აკად. ელენე მეტრეველი, ცნობილი ქართველი მეცნიერი, ძველი ქართული კულტურისა და მწერლობის ისტორიის მკვლევარი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საპატიო დოქტორი, 1958-1968 წწ-ში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის (დღევანდელი კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) არქეოგრაფიის განყოფილებას; 1968-1988 წწ-ში იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1988 წ-დან გარდაცვალებამდე - ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი.
ელენე მეტრეველი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურათმცოდნეობის, არქეოგრაფიის, კოდიკოლოგიის, ლექსიკოლოგიის საკითხებს, ავტორია ასოცდაათი სამეცნიერო გამოკვლევისა, რომელთა შორის თხუთმეტი მონოგრაფიაა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ადრებიზანტიური პერიოდის ქართული ჰიმნოგრაფიის კვლევის საქმეში.
ელენე მეტრეველის მრავალწლიანი კვლევის შედეგები შეჯამებულია მის მონოგრაფიებში: ”უძველესი იადგარი”, „ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან“ და „ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი“.
პარიზის ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის შემსწავლელ ცენტრთან მისი თანამშრომლობის შედეგად გამოიცა ივირონის ბერძნულენოვანი აქტების ოთხტომეული „Actes d’Iviron“.
სირია-პალესტინურ ქართულ სამონასტრო კერათა კვლევისათვის საეტაპო მნიშვნელობა აქვს მის მონოგრაფიას „მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVIII სს.)“. მნიშვნელოვანია ელენე მეტრეველის როლი ქართული ხელნაწერების აღწერის საქმეში. იგი აქტიურად იყო ჩართული ხელნაწერთა აღწერის მეთოდოლოგიური პრინციპების შემუშავებაში, აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან, ახლო სამეცნიერო კონტაქტები ჰქონდა ევროპელ ორიენტალისტებთან და ბიზანტინისტებთან, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა უცხოეთის აკადემიურ წრეებში.