რატომ ქრება ცოცხალი მუსიკა ჭიდაობიდან?  –  ადამიანი, რომელიც მივიწყებულ ხალხურ  საკრავებს აღადგენს

ბავშვობა ყვარლის რაიონში გაატარა. მამა მუსიკოსი იყო. თავადაც ბავშვობიდან უკრავდა ხალხურ საკრავებზე და სცენაზე გამოდიოდა… მერე საესტრადო და ფოლკლორული სასწავლებლები დაამთავრა.
ქართული ჭიდაობის სიყვარულით ბოლო დროს ტრადიციულ ქართულ საკრავებზე ზრუნავს… შეჯიბრის დროს საჭიდაო მუსიკას ის და მისი მუსიკოსები ასრულებენ. ამავე დროს, ამზადებს მივიწყებულ ხალხურ საკრავებს, რომლებიც მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში  უკვე „გაემგზავრა“.
გული სწყდება, რომ საჭიდაო მუსიკას ამ ბოლო დროს მავანნი აღარ სწყალობენ და ამ მხრივაც პრობლემებია მოსაგვარებელი. – მუსიკოს თემურ პაპაშვილის პერსონა.

 – როგორი იყო ბავშვობა?
– კირკიტაობა… ყვარლის რაიონის ახალსოფელში დავიბადე… მამაჩემი მუსიკოსი იყო. გარმონს, დუდუკს, ზურნას, დოლს, ფანდურს ურკავდა… შესანიშნავად მღეროდა, ახალსოფლის ახალგაზრდების 90 პროცენტი მისი დაქორწინებულია.
მამისგან გამოგყვათ ნიჭი… რა გაინტერესებდათ ბავშვობიდან?
– ჯერ მამაჩემთან დოლს ვუკრავდი, მერე რადგან მამაჩემი გარმონს უკრავდა, მეც დავიწყე,  8-10 წლისა უკვე სცენაზე გამოვდიოდი მე და ჩემი და. მამას დავყავდი პატარა ქეიფებში… მერე გარმონმა დამაინტერესა, მას მოჰყვა ფანდური… და ასე ყველა ინსტრუმენტს დავეუფლე.
მერე იყო სამხედრო სამსახური… სამხედროშიც ამ საქმიანობას ვეწეოდი,  ოფიცერთა სახლში ვიყავით და ვმღეროდით გიტარაზე. ჩამოვედი იქიდან,  საესტრადო სასწავლებელი და პარალელურად სერგო ზაქარიაძის სახელობის საგუნდო –  სადირიჟორო და თეატრალური სასწავლებელი დავამთავრე.
– ჭიდაობით როდის დაინტერესდით?
– დაახლოებით 4 წლის წინ, მუსიკოსები ჭირდა და ჭიდაობის ჩატარების სურვილი კი დიდი იყო. ჭიდაობის დროს, ძირითადად, ლეკები უკრავდნენ ჩემს ბავშვობაში,  მაგრამ რას, აზრზე არ იყვნენ, უბრალოდ ზურნებს აჭყვიტინებდნენ, დოლს უკრავდნენ…
მაშინ დავინტერესდი, ვისწავლე ზურნის დაკვრა. მერე  მე თვითონ დავიწყე ჭიდაობის დროს დაკვრა.
4 წლის განმავლობაში კახში, რამდენჯერმე ტაო-კლარჯეთში  ჩავატარეთ ქართული ჭიდაობა.
მაგრამ ამ ბოლო დროს, ვფიქრობ, არ მიდის სწორად ქართული ჭიდაობის საქმე.
– რას გულისხმობთ?
– სახელმწიფოსგან მუსიკაზე არის გარკვეული თანხა გამოყოფილი, მაგრამ ჩვენ -მუსიკოსები რატომღაც გვერდზე გაგვწიეს…  ამ ბოლო დროს  მაგნიტოფონზე ჩაწერილ მუსიკაზე აჭიდავებენ ფალავნებს…  მთავარია, რომ ზურნა უკრავდეს და ჩატარდეს ჭიდაობა,  ცოცხალი მუსიკა დაუკრავს თუ არა, აღარ არის მნიშვნელოვანი… ასეთი შემთხვევაც იყო, ჩვენ მაგივრად სხვა ეროვნების მუსიკოსებს დააკვრევინეს…
ის კაცი, რომელსაც ურჩევნია, მუსიკის თანხა, ვთქვათ, ვინმე უცხოს, თათარს გადაუხადოს, ყოველთვის გაგყიდის. ახლა ისინიც გასწიეს და მაგნიტოფონებით ატარებენ.
არადა,  შემიძლია ჭიდაობის 3 დარბაზი დავაკმაყოფილო, თუ წინასწარ გამაფრთხილებენ, ხუთიც შემიძლია. თანაც, ქართული კულტურის ასე დამახინჯება, კულტურული მემკვიდრეობის მოკვლა  როგორ შეიძლება? უკვე მოჭიდავეებიც აღარ იჭიდავებენ და აღარც მუსიკოსები  გაიზრდებიან.
– რა თანხაა გამოყოფილი მუსიკოსებზე?
– საერთოდ, 320 ლარია გამოყოფილი ქართული ჭიდაობის ფედერაციისგან. ეს დადგენილია.  როგორც გავიგე, მაგნიტოფონის ჩამრთველს და გამომრთველს 300 ლარს ურიცხავენ. ეს საქმე მისახედია, არ გამოვრიცხავ, პარლამენტზეც გავიდეს.
– უამრავი ჭიდაობის მონაწილე ხართ… არ შეიძლება, შენიშვნები არ გქონდეთ…
–  ჩვენ ბევრ რაიონზე მიგვიწვდა ხელი, კულა გლდანელის ხსენების დღე ჩავატარეთ გლდანში, ნესტორ ესებუასადმი მიძღვნილი შეჯიბრი  ჩავატარეთ სორტაში,  ოლიმპიური ჩემპიონის მირიან ცალქალამანიძის ღონისძიება გაიმართა თელავში… უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქართული ილეთით მოიპოვა ჩემპიონობა. ქართული ილეთები სხვა მოჭიდავეებისთვის ნაკლებად ცნობილია, როგორც კი ჩვენი ფალავანი ხედავს, რომ ეს ილეთი გასაკეთებელია, აკეთებს. ზვიადაურმაც ასე მოიგო ოლიმპიური ჩემპიონობა, იაპონელს რომ გაუკვირდება წაქცევა, მწარედ  გადააქნია თავი.
როცა რაიმე დღეობა იმართება, ქართულ ჭიდაობას გვიან, 12-1 საათზე იწყებენ, ამავე დროს, ყველა მოჭიდავეა  ჩაწერილი და დიდხანს გრძელდება, ბოლოს მარტო ჩვენ, მუსიკოსები, მოჭიდავეები და მსაჯებიღა ვრჩებით. ხალხი გვტოვებს,  3-4 საათზე მეტს არ ჩერდება და არ გიყურებს, ის მოწვეულია ქალაქიდან და  სამ საათში უნდა მორჩეს ჭიდაობა. მერე  უნდა ვაჩვენოთ დოღი, მკლავჭიდი, ლახტი…
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ისიც ვთქვა, რომ ჭიდაობასაც ძალიან ცუდად ატარებენ. მთავარი მსაჯის სიტყვები არ ექვემდებარება ქართულ ლექსიკას, ამბობენ: „წმინდა გამარჯვება“. „წმინდა“-ს თქმა არ შეიძლება, რადგან მხოლოდ წმინდანებზე ითქმის. ქართული ჭიდაობის ფედერაციამ დაადგინა, რომ უნდა იყოს „სუფთა გამარჯვება“.
რაც შეეხება მუსიკალურ საკრავებს, წესისამებრ, ჭიდაობის დროს 2 ზურნა და 1 დაფი უკრავს. არ იციან, რომ იმ საკრავს დაფი ჰქვია და არა დოლი, რატომღაც დოლი დაამკვიდრეს, არადა, დაფია, ჩვენი ეროვნული საკრავია.
ქართული ჭიდაობის მოწინააღმდეგენი აპირებდნენ, რომ ქართული ჩოხები დაეგრძელებინათ,  იბრძოლეს –  სიმონ მაისურაძემ,  დიმიტრი დუნდუამ, ვაჟა ნუცუბიძემ, ეროვნული ნაღდი ბიჭები არიან და ეგ მოაშლევინეს. დამოკლდა ისევ. ეგ მოვაშლევინეთ და ახლა მაგნიტოფონების საკითხია გასარკვევი.
ვფიქრობ, ქართული ზნე-ჩვეულების აღდგენისა და მოძიების, ტრადიციების საზოგადოება შევქმნათ, რომ მასზე თვალყურის დევნების და, ამავე დროს, პროპაგანდის საშუალება მქონდეს.
დაინტერესებული ვარ, რომ კახეთის რეგიონში ისევ განვაგრძო ეს საქმიანობა. ტაო-კლარჯეთშიც, საინგილოშიც ისევ  გავიტანოთ, ანუ აღვადგინო იქაც, უწინ ჩვენ ხშირად ვატარებდით ხოლმე.  ჩემი მეგობრის დიმიტრი დუნდუას გარდაცვალების მერე შეწყდა ეს საქმე. ამ პროფესორი კაცის ხელმძღვანელობით ტარდებოდა ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ლახტი, საჯილდაო ქვის აწევა…  კახის დარბაზში კონცერტი გაიმართა და ანჩისხატის ბიჭები ანჩისხატის წინამძღვარის მამა რევაზის ხელმძღვანელობით გვედგნენ მხარში.
– ერთ დროს „ბერიკაობაც“ აღადგინეთ …
– წელს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოვახერხეთ ჩატარება. მაგასაც თავისებური სტიმულირება და ცოტა დაფინანსებაც უნდა. კიდევ საინფორმაციო საშუალებების ყურადღება უნდა.  ბერიკაობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ყველიერის კვირაში, ესეც ჩვენი ტრადიციული თეატრალიზებული შესანიშნავი სანახაობაა, რომლის დაკარგვა არ შეიძლება.
ჯერ ისევ სკოლაში დავდიოდი, რომ აღვადგინეთ ბერიკაობა. მამაჩემი ბერიკაობის ოსტატი იყო, ძალიან დიდი ზეიმით ტარდებოდა ახალსოფელში, მთელი სოფელი გამოდიოდა. საქანელები იყო ჩამოკიდებული და ბერიკები რომ შემოდიოდნენ, საქანელებს ჭრიდნენ – ზეიმი მორჩა, ახლა მიწას უნდა მივხედოთო. მამას ვირის ტაჭკა ჰქონდა, თბილისში ჩამოიყვანეს ვირი, კოლგოტკები ჩააცვეს და რუსთაველზე გაატარეს… ასე მხიარულობდნენ.
დღეს სოფლებში ნაკლებად ნახავთ, ჩაილურშიღა შემორჩა. მართლა კარგად ატარებენ და  საქმის პროფესიონალები არიან.
– ჭიდაობაზე წიგნის დაწერას აპირებთ… მოჭიდავეებიდან ვინ გიყვართ?
–  ვაპირებ, გარდაცვლილებზე და ცოცხლებზე დაწერას.  ოლიმპიური ჩემპიონის  გურამ საღარაძის, ასევე ლექსო დავითაშვილის თანადგომით – თქვენ რომ უკრავთ, მე მაშინ მეჭიდავება, ისე ვერ ვჭიდაობო… მითხრა ლექსომ. მათი თანადგომით ვაპირებ წიგნის გამოცემას – „ფალავნები ქართული ჭიდაობის შესახებ“. და დიდი ადგილი დაემთმობათ მუსიკოს-შემსრულებლებსაც, ამ წიგნში ქართული ჭიდაობის შესახებ ყველაფერი იქნება.
მოჭიდავეებიდან ახმეტელ ფალავანს – ლექსო დავითაშვილს გამოვყოფ. 8-გზის ფალავანია. ლომივით არის, რომ დგას, მოგეწონება. მსოფლიო მოიგო ძიუდოში…

შვილთან – შორენა პაპაშვილთან ერთად

– ქართულ ჭიდაობაზე სიმღერაც დაწერეთ…
 – თემურ წიკლაურს ვთხოვეთ და ჩავწერეთ. არანჟირების ავტორია ბორის შხიანი.
– მოსწავლეებიც გყავთ…
– ვინც დაინტერესებული იყო, რამდენიმეს ვასწავლე და მუსიკას გაჰყვნენ. დავასახელებ ანსამბლის ხელმძღვანელს, შესანიშნავ დირიჟორს, კარგ მუსიკოსს, სიმღერებს წერს,   ანსამბლ „ლომისის“ ხელმძღვანელს შალვა ილურიძეს.
– ხალხური საკრავებიდან რომელს ამზადებთ?
– თითქმის ყველა ქართულ საკრავს. 20 წელია ვმუშაობ ამ საქმეზე, რამდენიმე დაკარგული ინსტრუმენტი აღვადგინე, ახლა ერთ ახალგაზრდას  ვუკეთებ თუშურ ჭიანურს, ასევე აღვადგინე პილილი, ჭიბონი, რომლის შესანიშნავი ოსტატი ცხოვრობს ქედაში. იქ ვიყავი, გავიცანი ის პიროვნება, ძალიან კარგ ჭიბონებს აკეთებს.
ჭიბონიც, გუდასტვირიც თითქმის მივიწყებულია, სოინარი, იგივე  ლარჭემი აღვადგინე,  „შავნაბადამ“ გამოიყენა ეს ინსტრუმენტი.
გავაკეთე  აფხაზცა, – ორსიმიანი აფხაზური ინსტრუმენტი. 4-5 ინსტრუმენტი გავაკეთე, ერთი სახლში მაქვს, მინდა, რომ  შვილიშვილებმა დაუკრან. მომწონს ახალგაზრდების აქტიურობა, სულ მინდა, რომ აქტიურები, უშიშრები იყვნენ. ახალგაზრდებზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

შვილიშვილები – თორნიკე და ერეკლე

– შვილიშვილებს – ერეკლეს და თორნიკეს მუსიკის ნიჭი გამოჰყვათ…
– 4 შვილი და 6 შვილიშვილი მყავს. ტყუპები – ერეკლე და თორნიკე კარგი ბავშვები არიან, რაც მთავარია, ნიჭიერები. პაპის ნიჭი გამოჰყვათ… დუდუკზე და სალამურზე უკრავენ… სამი თვით  ხელის წავლება მინდა, რომ დუდუკები და ზურნები კარგად გამართონ… ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ.
მათი დედა – შორენა  ვიოლინოზე კარგად უკრავს. მერე ჟურნალისტიკამ დააინტერესა… ეროვნული მოძრაობის დროს  ჩვენთან  მერაბ კოსტავა იყო ჩამოსული.  პირველი პუბლიკაცია მასზე გააკეთა და „სარანგში“ გამოაქვეყნა, მას მერე შეუყვარდა და შეუყვარდა ჟურნალისტიკა. ეროვნული მოძრაობის ბიჭები ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ. ახლა სამი შვილის დედაა და მუსიკისთვის დრო აღარ რჩება, მაგრამ ხანდახან მეტყვის ხოლმე, ვიმღეროთო…  და ერთად ვმღერივართ ისევ.
მეუღლე?
– მეუღლე მადონა მუსიკოსია. უწინ ანსამბლში მღეროდა და კლავირსაც უკრავდა.  ახლა ფორტეპიანოზე აკომპანიმენტს უკეთებს ჩვენს ბავშვებს… დიდი ოჯახი გვაქვს და ანსამბლისთვის ვეღარ იცლის….
– სიმღერა ქართველ კაცს ყველგან თან ახლდა, ჭირსიც და ლხინშიც… ომის დროს უკრავდნენ  ბუკს, დაფს და ნაღარას…
– რა თქმა უნდა, ხალხს ამხნევებდა ეს ინსტრუმენტები… თუ შიში შეეპარა ადამიანს, ვერ იბრძოლებს. იმიტომ იყო ნებადართული არყის და ღვინის ქონაც.
აკაკი ამბობდა, ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარაო… დაფი და ნაღარა ორივე დასარტყმელი ინსტრუმენტებია…. ამით აკაკის კი არ ვაკნინებ, რომ სცოდნოდა, უფრო ლამაზად გადმოსცემდა… ჩვენ უნდა გავმართოთ ჩვენი მუსიკალური ლექსიკონი. თუ მუსიკალური ლექსიკონი არ გივარგა, არავინ არ მიგიღებს არაფრად.
მხატვარი ნიკოლოზ ხერკელაძე ამით არის დაინტერესებული, მასალებს აგროვებს და მას ვეკითხები ხოლმე, როცა რაიმე მაინტერესებს.
– სამაგიეროდ, აკაკის „ბაში – აჩუკში“  ჭიდაობის სცენის დროს ზურნები უკრავენ…
– „ბაში – აჩუკში“ ის ადგილი ბავშვობიდან ძალიან მაგრად მიყვარს…  როგორი ამბავი იყო, დამპყრობლებმა  ზურნებს დააკვრევინეს ქართული ჭიდაობა, თუმცა მაინც ის გააკეთეს ცუდი, რომ აბდუშაჰილი გაქონეს, რომელიც ქართულ ტრადიციულ ჭიდაობას არ ახასიათებს.
ყაბახის  შეჯიბრის დროს თასის ჩამოგდებას რომ აპირებენ, ამის აღდგენაც მინდა.
– უცხოელებიც ხშირად ყიდულობენ თქვენ მიერ დამზადებულ ხალხურ საკრავებს…
– ერთი ფრანგი გიტარისტი მოვიდა ჩემთან, ბათუმის ჯაზის ფესტივალის მერე თბილისში ჩამოვიდა, მშრალ ხიდზე მოვიდა, ბიჭებს დაუძახა, რომ ჭყვიტინებს, ის მინდაო… აღმოჩნდა, რომ ზურნა უნდოდა.  დაუკარიო, მთხოვა დავუკარი, მელოდია მოეწონა, თვითონაც დაუკრა  და იყიდა.
ჩემ მიერ გაკეთებული სხვადასხვა ინსტრუმენტი 15 სახელმწიფოშია წასული. ფრანგებმა, ამერიკელებმა, კანადელებმა იყიდეს…   რუსმა გოგონამ, რომელიც ორსულად იყო, ფანდური იყიდა, ბიჭი შეეძინა და ახლა სალამურის ყიდვა უნდა შვილისთვის, დამირეკა, აგვისტოში ჩამოვალო. რეგინა ჰქვია. მონტენეგროდან იყვნენ, ფანდურები, დუდუკები, სალამურები იყიდეს, მერე გავატარ-გამოვატარე, ჭიქა ღვინის გარეშე საამქროდან არავის ვუშვებ…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები