“მუხროვანის ამბოხების” საქმეზე დაკავებულ ლევან ტაბიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

   ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმეზე დაკავებულ ლევან ტაბიძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ტაბიძის ადვოკატის ვლადიმერ გაბრიჩიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა მუხლით წაუყენებს ბრალს ტაბიძეს გამოძიება. დაცვის მხარის თქმით, ტაბიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულების ოჯახზე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული გამოძიების დროს, ზეწოლა არ ყოფილა და არსებობს მტკიცებულებები, რაც ტაბიძის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ლევან ტაბიძე, მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
“საქმეზე ე.წ. ამბოხებულების დაკავება მოხერხდა ოთანაძის ოჯახის წევრების აქტიურობის შედეგად, რაშიც მათ სოლიდური გასამრჯელო აიღეს. დღევანდელი საქმე მთლიანად ოთანაძის ოჯახის წევრების ჩვენებებზე არის დამყარებული. ისინი აცხადებენ, რომ ჩვენებები, რომლებიც მათ მისცეს ძველ საქმეზე, გამოსძალეს ცემით და წამებით. ლევან ტაბიძე ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ამ ჩვენებების სანაცვლოდ, ოთანაძის ოჯახის წევრებს გასამრჯელო მიიღებს”, – განაცხადა ვლადიმერ გაბრიჩიძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გახსნილია 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი პირების: კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები. პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები