პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე 2018 წლის 17 აპრილს, ქ.რუსთავში მცხოვრები ლ.ლ. დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ლ. გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე გამავალი საირიგაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ლითონის მილების ქურდობას გეგმავდა, რაშიც მფარველობის სანაცვლოდ, მოლაპარაკება შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების უფროსთან სცადა და, ქრთამის სახით, 20 000 ლარი შესთავაზა. დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 17 აპრილს, თანხის გადაცემის პროცესში მოქალაქე ლ.ლ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულ ლ.ლ-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები