თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების პროცესის შესახებ მოსაზრებები საერთაშორისო კონფერენციას წარუდგინა

იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც დანიაში იმართება. ფორუმის თემა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებია და მას ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიშელ ნიკოლეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების უმაღლესი პირები ესწრებიან. მთლიანობაში, საერთაშორისო კონფერენციაში 22 ქვეყნის მინისტრი მონაწილეობს. მათ შორისაა ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, გერმანიის, ლუქსემბურგის  და სხვა ქვეყნის მინისტრები.

თეა წულუკიანმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მექანიზმის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ მისი გაძლიერება; დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები სტრასბურგის სასამართლოში დაგროვილი საქმეების დროულად განხილვისათვის; განსახილველ საქმეში მესამე მხარედ ჩართვის მოქნილი მექანიზმის შემუშავება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა მარტივად და სწრაფად შეძლონ მათთვის მნიშვნელოვან საქმეებში დროულად ჩართვა; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის დახვეწა ევროპის საბჭოში, სახელმწიფოთა უკეთესი თანამშრომლობა ექსტრადიციის პროცესში იმ საქმეებზე, რომლებზეც დარღვევის გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი  − ამ თემებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა.

„2012 წლის ოქტომბერში ჩვენ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება და შევქმენით ეროვნული მექანიზმი დარღვეული უფლებების აღსადგენად. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შესული 123 განაცხადიდან 83  დასრულდა მხარეთა შორის მორიგებით. ამ მექანიზმის ამოქმედებისა და ჩვენ მიერ გატარებული ინსტიტუციური რეფორმების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შემოსული საქმეების რაოდენობა: 2017 წელს სულ 89 განაცხადი შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2012 წელს მათი რაოდენობა − 367-ს, 2011 წელს − 395-ს, 2010 წელს − 375-ს აღწევდა”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქმეებისაგან განტვირთვის საქართველოს ხედვა შესთავაზა. თეა წულუკიანის წინადადებით, სასურველია,  ევროპულ სასამართლოშივე დაინერგოს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმი. მისი თქმით, ეს მექანიზმი ეფექტურად დამკვიდრდა საქართველოს ეროვნულ სისტემაში, რამაც ხელი შეუწყო ევროპულ დონეზე წამოწყებული დავების ქვეყნის შიგნით სწრაფად მოგვარებას.

იუსტიციის მინისტრი კონფერენციის მონაწილეებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის შერჩევის მექანიზმების დახვეწაზეც ესაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამის საჭიროება ასახულ იქნა დეკლარაციის ტექსტში.

თეა წულუკიანი შეეხო ქვეყნების უფლებასაც − ჩაერთონ მესამე მხარედ განსახილველ საქმეში. მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ ოფიციალურად მიაწოდოს ინფორმაცია დავის თაობაზე ქვეყნებს, რომელთა შესაძლო ინტერესი შეიძლება იკვეთებოდეს საქმეში, რათა მათ დროულად განსაზღვრონ, ხომ არ მიიჩნევენ საჭიროდ მესამე მხარის სტატუსით პროცესში ჩართვას.

კოპენჰაგენის კონფერენციის ფარგლებში  იქნება მიღებული „კოპენჰაგენის დეკლარაცია”, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის რეფორმის გაგრძელებაა. რეფორმირების პროცესი 2010 წელს ინტერლაკენში (შვეიცარია) დაიწყო და მას შემდეგ მაღალი დონის კონფერენციები რეფორმირების პროცესზე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული კოპენჰაგენის დეკლარაციის ტექსტზე მუშაობის პროცესში და დოკუმენტში ჩვენი ქვეყნის მხრიდან არაერთი ინიციატივაა ასახული. მათ შორისაა: სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მოდელის გაძლიერება; სახელმწიფოების თანამშრომლობის გაძლიერება სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების მიზნით; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; და სხვ. აღსანიშნავია, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან საქართველოს ეფექტური კოორდინაციის შედეგად დეკლარაციის პირვანდელი ტექსტიდან ამოღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ინიციატივა სახელმწიფოთაშორისი დავების განსახილველად სპეციალური ორგანოს შექმნის თაობაზე, რაც დაასუსტებდა სტრასბურგის სასამართლოს როლს და შესაძლოა, გავლენა მოეხდინა საქართველოს მიერ ინიცირებული რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე 2 სახელმწიფოთაშორის დავაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები