„ეს წინადადებები მთლიანობაში ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის დეტალებზე და კონკრეტულ ასპექტებზე”

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული პირველი შეხვედრა,  რომელიც დაეთმო სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებს. გამოიკვეთა ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ძალიან საინტერესო წინადადებები იყო შემოსული ოთხივე საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ გამოიკვეთა დამატებით სხვა საკითხები, რომლებზეც ასევე ალბათ დაგვჭირდება მუშაობა. ვფიქრობ, რომ ეს წინადადებები მთლიანობაში ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის დეტალებზე და კონკრეტულ ასპექტებზე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ მადლობა გადაუხადა  პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტს გაწეული საქმიანობისთვის.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ამ საკითხისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს ამ საკითხების შესრულებისა და მასალების შეგროვებისთვის, შესწორებებისა და კომენტარების შეტანისთვის, რომლებსაც ჩვენ წინა შეხვედრების დროს შევეხეთ”,-განაცხადა კრისტიან ურსემ.

პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება დისციპლინური სამართალწარმოებისა და სასამართლოს გადატვირთულობის საკითხები. წარმოდგენილი იქნება შესაბამისი პრეზენტაციები, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია.

„წინა შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის დისციპლინური სამართალწარმოება. ამ საკითხზე  კონკრეტული კანონპროექტებია მომზადებული.  გთავაზობთ, რომ დღეს განვიხილოთ სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემაც. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულია რამდენიმე წინადადება და შენიშვნა. ჩვენ შემოგთავაზებთ პრეზენტაციებს როგორც ერთ, ისე მეორე საკითხზე და შემდეგ დეტალურად განვიხილოთ თოთოეული მათგანი.

დისციპლინური სამართალწარმოებასთან დაკავშირებით ჩვენთან გამოიგზავნა ორი ალტერნატიული კანონპროექტი. სულისკვეთება ალბათ არის ერთი და იგივე, თუმცა  არის მნიშვნელოვანი განსხვავებები ტექსტებს შორის. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ დღეს, ორივე კანონპროექტის პრეზენტაციას შემდეგ ვიზრუნებთ იმაზე, რომ შევჯერდეთ ერთ საერთო კანონპროექტზე. ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებელი დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სხვა საკითხებზე მსჯელობა მომდევნო შეხვედრაზე გაიმართება, რომელიც უხლოეს მომავალში ჩატარდება.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები