ამირან სალუქვაძე ირაკლი ქორიძის საქმეზე: შეწყალების მასშტაბები, თან ასეთ საქმეებზე, სერიოზულ კითხვებს აჩენს
ექსპერტი ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის“საკუთარ გვერდზე ირაკლი ქორიძის საქმეს ეხმაურება და შეწყალების კომისიის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, პატიმართა შეწყალების მასშტაბები, მით უფრო ისეთ საქმეებზე, როგორიც ნარკოდანაშაულია, სერიოზულ კითხვებს ბადებს.
,,არ ვეხები ხოლმე ამ შიდაპოლიტიკურ ამბებს, მაგრამ ეს ინფორმაცია, როგორც მინიმუმ, განმარტებას მოითხოვს. რა კონვეირულად მუშაობს ეს კომისია?! შარშან 831 ადამიანი შეიწყალეს, ანუ, თუ დასვენების დღეებს გამოვაკლებთ, დღეში 3,4 ადამიანის საქმე უნდა შეისწავლოს თითოეულმა წევრმა. ჰკითხეთ ნებისმიერ იურისტს, თუ არის ეს ფიზიკურად შესაძლებელი? რა მიზანს ემსახურება კონვეირული მეთოდით შეწყალებები? რატომ უნდა შეიწყალო ნარკობარიგა (ნარკოტიკებით მოვაჭრე და შემომტანი, თუ ვინმეს ბარიგა შეურაცხჰყოფს), მით უმეტეს, როცა განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზეა საუბარი? საერთოდ, უნდა განვასხვაოთ ამნისტია და შეწყალება ერთმანეთისგან. ამნისტია სტატიებს ეხება, შეწყალება კი კონკრეტულ პირს, კონკრეტულ საქმეს და ასეთი მასშტაბები, თან ასეთ საქმეებზე, ძალიან სერიოზულ კითხვას ბადებს“, – წერს სალუქვაძე.