ირაკლი კობახიძე: ქვეყანა აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით
„ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში, ეს მიზნები აუცილებლად იქნება მიღწეული“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გორში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
მან პარტიის მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, ბევრს არ სჯეროდა, რომ მაშინდელი არადემოკრატიული რეჟიმის შეცვლა მოხერხდებოდა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეთა თანადგომით, ეს შესაძლებელი გახდა და ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარება წარმატებით გრძელდება.
„ჩვენ მოვახერხეთ გარდატეხის შეტანა ქვეყნის განვითარებაში 2012 წელს. როდესაც 2011 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა პოლიტიკური განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, მაშინ ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს იქნებოდა შესაძლებელი და რომ ჩვენ მოვახერხებდით მაშინდელი არადემოკრატიული რეჟიმის შეცვლას და დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას, თუმცა, თითოეული თქვენგანის თანადგომით, ეს მიზანი იქნა მიღწეული და ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი. და ასევე თქვენი დამსახურებით, თქვენი თანადგომით, ჩვენ ვახერხებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის გაგრძელებას ყველა ამ მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვახერხებთ ჩვენი დემოკრატიული სისტემის განმტკიცებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ რაციონალურ და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე.
„ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გარდატეხის არის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, ასევე, თავისუფლების განმტკიცება, დემოკრატიის განმტკიცება და ჩვენ ვახერხებთ არა მარტო მიღწეული შედეგის შენარჩუნებას, არამედ კიდევ უფრო განვითარებას ჩვენი ქვეყნისა ამ მიმართულებით, ასევე, ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით და მათ შორის, ჩვენს რეგიონში.
და ასევე, თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ვახერხებთ სტაბილურობის ხარისხის გაუმჯობესებას ჩვენი ქვეყნისთვის და ესეც არის ჩვენი, „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული, რაციონალური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგი“,- მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით აგრძელებს წინსვლას. მისივე თქმით, ერთად დგომის შედეგად, მოხერხდა მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარება.
„ქვეყანა აგრძელებს წინსვლას, ყველა მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება. ასევე, ჩვენ გამოვიარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ წარმატებას. იყო უამრავი პრობლემა, განსაკუთრებით გორის მუნიციპალიტეტში, გორის მუნიციპალიტეტებში, გახსოვთ თქვენ როგორი რთული ვითარება იყო საკრებულოებში, მერია, გამგეობა და ა.შ. და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის საფუძველზე, ჩვენ მოვახერხეთ ამ პრობლემების სათანადოდ გადაჭრა და დღეს უკვე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მუნიციპალიტეტი შეუფერხებლად ახორციელებს თავის ფუნქციებს და ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო გაცემული გარკვეული დაპირებები, პარტიული დაპირებები წინა კონფერენციაზე და ეს დაპირებები ორი წლისთავზე იქნა პირნათლად შესრულებული და ბუნებრივია, ეს შედეგი ვერ მიიღწეოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თითოეული ჩვენგანის ერთად დგომის გარეშე“,- აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.