კახა კალაძე: გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია ქვეყანაში და აწუხებს ჩვენს მოსახლეობას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გორში მიმდინარე რეგიონულ კონფერენციაზე პარტიის საქმიანობა შეაჯამა და „ქართული ოცნების“ წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, გასაგებია ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია ქვეყანაში და მოსახლეობას აწუხებს.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა, იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც დაგეგმილია.
„ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. გვახსოვს 2011 წელი, როცა შეიქმნა პარტია „ქართული ოცნება“. გვახსოვს 2012 წლის არჩევნები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, განსხვავებული პოლიტიკური პარტიების მიმართ, თუმცა თქვენ იდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს, იმიტომ, რომ ეს გზა იყო სწორი და თითოეული თქვენგანი დარწმუნებული იყო ამაში. თქვენ მოისმინეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტულად თქვენს რეგიონში, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და არც ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი გაკეთებულით. გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია ქვეყანაში და აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. კარგად გვაქვს გაცნობიერებული სოციალური მდგომარეობა და ვფიქრობთ, მომდევნო წლებში დაგეგმილი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ ამ პროექტების განხორციელებაში მარტო ხელისუფლება, მარტო მთავრობა ვერაფერს გააკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა, რომ ერთად შევძლოთ პრობლემების მოგვარება და იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები