გიორგი კვირიკაშვილი: მომავალი 10 წლის განმავლობაში, თვითმმართველობების დაფინანსება თითქმის ორჯერ უნდა გაიზარდოს

“მომავალი ათი წლის განმავლობაში, თვითმმართველობების დაფინანსება თითქმის ორჯერ უნდა გაიზარდოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მომავალი ათი წლის განმავლობაში, თვითმმართველობების დაფინანსება თითქმის ორჯერ უნდა გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები რეგიონებში, რაიონებში გადაინაცვლებს. ადამიანები რეგიონებში, ადგილზე გადაწყვეტენ, რა პროექტები დააფინანსონ და მათ ექნებათ საამისო ფინანსური რესურსი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმაც წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
“რა თქმა უნდა, ქვეყანაში გამოწვევა ბევრია, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ აირჩია და რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს იმ სანუკვარ მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის შექმნა, რათა თითოეულმა ოჯახმა შეძლოს ღირსეული პირობების უზრუნველყოფა. ეს არის პირველი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის. აქ თითოეული ადამიანის, თითოეული აქტივისტის როლი ნამდვილად შეუფასებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ერთი აგური დადო იმ წარმატების მშენებლობაში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციით, კიდევ უფრო გააქტიურებით, პარტიული ორგანიზაციების მშენებლობით, თვითმმართველობების როლის გაძლიერებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები