გიორგი კვირიკაშვილი: მცხეთის რაიონში მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა და ჩვენ საამაყო მართლაც ბევრი გვაქვს
“მცხეთის რაიონში ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა და ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს ის პროექტები გააცნო, რომლებიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა.
„მცხეთის რაიონში ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა. ვფიქრობ, პარტიის წევრებმა ეს უნდა იცოდნენ, ვინაიდან ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო. მინდა დეტალურად ჩამოვთვალო ის პროექტები, რომლებიც კონკრეტულად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა. 2013-2017 წლებში, ჯამურად, ჩვენ ამ მიმართულებაზე დავხარჯეთ 69 მლნ ლარი. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების – 29 კმ-ის რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის დაიხარჯა 4 მლნ ლარზე მეტი, ხოლო შიდა გზებზე – 8 მლნ ლარი. წყალმომარაგების და საკანალიზაციო ქსელის განვითარებაზე ამ პერიოდში 7,4 მლნ ლარი დაიხარჯა. ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიხარჯა 500 ათასი ლარი. “, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის 11 კმ-იან მონაკვეთს; შიო მღვიმის მონასტრის 8,2 კმ-იან გზას; წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის მონაკვეთს. ასევე, განხორციელდა 9 სოფლის წყალსადენი სისტემისა და 7 სოფლის სისტემის რეაბილიტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, რაზეც 3 მლნ ლარი დაიხარჯა.
პრემირმა რეგიონში განხორციელებულ ენერგოპროექტებსა და მოსახლეობის გაზიფიცირებაზეც ისაუბრა.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბუნებრივი გაზი დამატებით მიეწოდება 12100 ოჯახს. პროექტის – „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში, მრავალი წლის შემდეგ, პირველად მიეწოდა ელექტროენერგია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების კაწალხევის, ნოჯას, ნოჯიკეთის კოშკისყელის, ქვემო და ზემო ღარისწყლის 83 ოჯახს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭიაურასა და გრძელველის 54 ოჯახს და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ბევრეთის, ლელუბანისა და კარსანის 100 ოჯახს. სოფელ მუცოში აშენდა 100-კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ემსახურება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების ელექტროენერგიით მომარაგებას, ისე მუცოს ისტორიული ძეგლის განათებას. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონი ლარია. მცხეთის მუნიციპალიტეტში გაორმაგდა ელექტროფიცირებული აბონენტების რაოდენობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აშენდა 63 კმ სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზი. 2018-2020 წლებში კი ნავარაუდევია კიდევ დამატებით 20 კმ-მდე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, რეგიონის მასშტაბით, აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა შემდეგი ელექტროსადგურები: არაგვჰესი განხორციელებული ინვესტიცია 13,5 მლნ აშშ დოლარი; ლარსჰესი განხორციელებული ინვესტიცია 17,5 მლნ. აშშ დოლარი; ყაზბეგჰესი – 3 მლნ აშშ დოლარი; საგურამოჰესი – 4,6 მლნ აშშ დოლარი; დარიალჰესი – 123 მლნ აშშ დოლარი.
„2019-2020 წლებისთვის რეგიონში დაგეგმილია 17 მლნ ევროს ღირებულების ქვესადგურ „სტეფანწმინდის“ და 6,9 მლნ ევროს ღირებულების ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის ქვესადგურ „სტეფანწმინდისა“ და ქვესადგურ „დარიალჰესის“ პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.