ეკა ბესელია: საოკუპაციო რეჟიმის ან ნებისმიერი პირის მხრიდან მსგავსი შეფასებები, მხოლოდ დანაშაულებრივ და უკანონო ქმედებებს ააშკარავებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება.
“ჩვენ განსაკუთრებული პატივი მივაგეთ არჩილ ტატუნაშვილს და საზოგადოება სრულად იყო კონსოლიდირებული იმ დღეებში. ეს არის ის ძალიან მტკივნეული, ტრაგიკული ისტორია, რომელიც დარჩება საქართველოს ისტორიაში და ამ საქმეს, ბუნებრივია, გამოძიება სჭირდება. გამოძიება გრძელდება, ჩვენი ორგანოები და სამართალდამცავი სტრუქტურები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. სამართალი აღდგება, დღეს იქნება თუ ხვალ, ადრე იქნება თუ გვიან, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვარ. ნებისმიერი განცხადება საოკუპაციო რეჟიმის ან ნებისმიერი პირის მხრიდან მსგავსი შეფასებები – ეს მხოლოდ საკუთარ დანაშაულებრივ და უკანონო ქმედებებს ააშკარავებს“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სამხრეთ ოსეთის ე.წ ყოფილმა პრეზიდენტმა კოკოითმა განცხადება გააკეთა.
„რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილს, ეს ადამიანური ტრაგედიაა მისი ოჯახისთვის. თუ ის ასეთი დივერსანტი იყო, ყველა მტკიცებულების წარდგენა იყო საჭირო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს პროვოკაციაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები ექნება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროვოკაციაში სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობაცაა გარეული. სხვაგვარად როგორ ავხსნათ ეს? ამ სიტუაციით საქართველომ საინფორმაციო ველზე უპირატესობა მიიღო და საერთაშორისო საზოგადოება ამის გამო რუსეთს ემუქრება. ეს ოსეთის რეპუტაციას ურტყამს, რომელიც ძალიან რთულ დროს მოვიპოვეთ. ჩვენ არასდროს მიგვიცია საბაბი, რომ ასეთ კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. ეს ის პროქართული ძალებია, რომელთაც სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს, სწორედ მათი პროვოცირებულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები