ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვინარჩუნებთ იმ მთავარ მიღწევას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს

“ჩვენ ვახერხებთ იმ მთავარი მიღწევის შენარჩუნებას, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან – ეს არის დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და ჩვენ არა მარტო ვინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს, არამედ ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს შედეგი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მცხეთაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითა და მოქალაქეთა თანადგომით გახდა შესაძლებელი რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება.
„მაშინ, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა მაშინდელი რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, თუმცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თითოეული თქვენგანის თანადგომით, ეს მიზანი მიღწეულია და ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი და ახლა თქვენი დამსახურებით, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, რაც „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მისივე თქმით, ასევე „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია პოლიტიკური სტაბილურობის ძალიან მაღალი ხარისხი.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პირნათლად შესრულდა ის დაპირებები, რომლებიც 2 წლის წინ პარტიის ხელმძღვანელობამ გასცა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებშიც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პარტიის რეფორმირების მეორე ტალღაა დაგეგმილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.
თავმჯდომარის განცხადებით, წარმატებების მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, რომელთა დაძლევას, მისი თქმით, ერთად დგომა და მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება.
„მიუხედავად წარმატებებისა, რა თქმა უნდა, რჩება ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი საზოგადოების წინაშე. ქართული ეკონომიკა საჭიროებს, რა თქმა უნდა, შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას. ჯერ კიდევ მრავალი ოჯახია საქართველოში, მათ შორის, მცხეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ, სამწუხაროდ, შეზღუდული რესურსების გამო, ყველა მოქალაქის უზრუნველყოფას ცხოვრების ღირსეული პირობებით. ასევე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის სამწუხაროდ, კვლავაც დარღვეული. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნები ჯერ კიდევ არ არის მიღწეული და რა თქმა უნდა, ეს არ ის პრობლემები, რომელთა დაძლევას ესაჭიროება თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელი შრომა, ჩვენი ერთად დგომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომით, ჩვენ ამ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები