გიორგი ცოცანიძის ,,შეთე“,- კავკასიაში ცნობილი გმირი შეთე გულუხაიძე
28 იანვარს, 17 საათზე, ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, მწერლისა და ენათმეცნიერის, სახელმწიფი პრემიის ლაურეატის, გიორგი ცოცანიძის ახალი წიგნის ,,შეთეს“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი, რომელიც “საუნჯემ“ გამოსცა, მხატვრულ-დოკუმენტურ ჟანრს განეკუთვნება და თუშეთის ისტორიის ერთ განსაკუთრებულად საინტერესო მონაკვეთს ეძღვნება. მასში საინტერესოდაა მოთხრობილი ცნობილი მელეკის, შეთე გულუხაიძის ისტორია, რომელიც მელეკეობის, როგორც მოვლენის ყველაზე გმირული და მკაფიო ფურცელია.
თავად შეთე გულუხაიძე, რომლის სახელიც მთელს კავკასიაში იყო ცნობილი, არაერთი ზეპირი თუ ისტორიული გადმოცემის, ანდაზის თუ ლექსის გმირი გამხდარა. წიგნში უთვალავი საგმირო და ვაჟკაცისათვის საკადრი საქმეა აღწერილი. აღსანიშნავია, რომ შეთე თავად ნიკო ფიროსმანსაც ჰყავს გამოსახული. ხოლო შეთეს სხვა პორტრეტი ამშვენებდა არა მხოლოდ თავად კავკასიის მეფისნაცვლის, ვორონცოვის კაბინეტს, არამედ იმდროინდელი თბილისის ბევრი სასტუმროს ჰოლსაც. მას, როგორც ნამდვილ გმირსა და ლეკების რისხვას, უამრავი საინტერესო-საგმირო ამბავი უკავშირდება, რამაც გაამდიდრა არა მხოლოდ ისტორია, არამედ ფოლკლორიც. წიგნიც სწორედ ამ ამბებზე და ისტორიებზე მოგითხრობთ. იგი გაფორმებულია ფოტომასალით, ხოლო წიგნის ყდას მხატვარ ზაალ სულაკაურის მხატვრობა – შეთეს ფერწერული ნახატი ამშვენებს, რომელსაც ჩვენამდე მოღწეული ფოტო დაედო საფუძვლად, კერძოდ – მაშინდელი ქართული მილიციის თუშების ასეულის ფოტოგრაფია. წიგნს ახლავს გენეალოგიური სქემები, რომლებშიც შესაძლებელია, რომ შეთეს შემდგ თაობებსა და პიროვნებებს გაადევნონ თვალი, მათ შორისაა, მერვე თაობის წარმომადგენელი, დიდი პაპის პოეტი შთამომავალი ეთერ თათარაიძეც.