რა შეღავათებით ისარგებლებენ ოჯახები, რომლებსაც მრავალშვილიანის სტატუსი მიენიჭებათ

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და, სხვადასხვა მიმართულებით, შეღავათებით ისარგებლებენ.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, პარლამენტში მრავალშვილიან ოჯახებთან შეხვედრა იმართება. კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე, 4-შვილიანი ოჯახი ელექტროენერგიისთვის წელიწადში 240-ლარიან სუბსიდიას მიიღებს: ხოლო ყოველ შემდგომ ბავშვზე, დამატებით 120-ლარიან სუბსიდიას. საქსტატის მონაცემებით (2014 – საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს: ჯამური ფინანსური შედეგი, სარგებლის სახით, იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი. შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა იქნება 300 000 ან, – ნაკლები.
კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს, საქართველოს მთავრობა, 2018 წლის 1 ივნისამდე განსაზღვრავს.
„მსგავსი კანონპროექტი მოქმედებს ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში. კანონპროექტი ფინანსური დახმარების გარდა, სხვა კომპონენტებსაც მოიცავს. მაგალითად, ინიციატივები სოციალურ სფეროში, განათლებისა და სპორტის მიმართულებით. პაკეტი კომუნალურ გადასახადებში დახმარებასაც ითვალისწინებს. აღნიშნულ ინიციატივას წინ უძღვოდა, სხვა არაერთი ინიციატივა, რომელიც დღეს უკვე მოქმედებს: სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტი შემუშავება; დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი; ცვლილებები დეკრეტული შვებულების მიმართულებით. კერძოდ, 4-თვიანი დეკრეტული შვებულება 6 თვემდე გაიზარდა; დეკრეტული შვებულების თანხა 600 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა და თუ ადრე, აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტიდან 4.5 მილიონი ლარი იხარჯებოდა, დღეს ეს თანხა 17 მილიონ ლარს შეადგენს; • მშობიარობის დაფინანსების პროგრამა; ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა და მონიტორინგი; ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების, ე.წ. შობადობის წახალისების პროგრამა, რომლის მიხედვით, იმ 6 რეგიონში, სადაც შობადობას სჭარბობს სიკვდილიანობა, შეიქმნა პროგრამა, რომლის მიხედვით, ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე, ბარში თვეში 150-ლარიანი დახმარება გაიცემა, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით. პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება; მაღალმთიან სოფლებში შეღავათები ბავშვებზე – ოჯახის ყველა პირველი და მეორე ბავშვი, ერთ წლამდე, ღებულობს 100-ლარიან დახმარებას. მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვი კი, 200 ლარს, – 2 წლის ასაკამდე.
მაღალმთიანი სტატუსი და შეღავათები – სტატუსის მქონე სოფლებში ასაკით პენსიონერებს უფრო მაღალი პენსია აქვთ, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობას. თუ სტატუსის არმქონე დასახლებაში ასაკით პენსიონერის პენსია 180 ლარია, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში ეს თანხა 216 ლარს შეადგენს; სოციალურ დაუცველ ოჯახებზე (ყოველთვიური შემწეობის გარდა) ყოველ ბავშვზე დამატებით 10-ლარიანი დახმარება; კრიზიული ბავშვიანი ოჯახებისთვის სპეციალური დახმარება; სელექციური აბორტების აკრძალვა; აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადის 3-დან 5 დღემდე გაზრდა; კრიმინალურ აბორტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება; კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ; მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები